მიხეილ სააკაშვილი - ვინარჩუნებ მუდმივ ურთიერთობებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან, მინისტრებთან, „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელთან და დავით არახამიასთან
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან, მინისტრებთან და რადას დეპუტატებთან მუდმივი ურთიერთობები აქვს. ამის შესახებ მან უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რედაქციამ ინტერვიუს შეკითხვები მიხეილ სააკაშვილს მისი ახლო მეგობრის საშუალებით ორი კვირის წინ გადასცა. პასუხი დაწერილია ხელით ნაწილობრივ ყოფილი პრეზიდენტის, ნაწილობრივ მისი მეგობრის მიერ, რადგან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მას წერაც კი უჭირს.
„მე ვინარჩუნებ მუდმივ ურთიერთობებს პრეზიდენტის ოფისთან, რომელიც, ჩემი აზრით, სუპერეფექტიანად მუშაობს. მინისტრებთან – მიხაილ ფედოროვთან, ალექსანდრ კუბრაკთან, „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელთან, ალექსეი ჩერნიშოვანთან, უმაღლესი რადას დეპუტატებთან, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარესტან დავით არახამიასთან. საერთოდ, ზელენსკის ახლა იდეალური war cabinet (სამხედრო კაბინეტი) აქვს ერმაკის ხელმძღვანელობით“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ომი რუსეთის სრული განადგურებით და დაშლით დასრულდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თუ უკრაინის გამარჯვებამდე იცოცხლებს, ოდესაში დაბრუნება სურს.
„ომი დასრულდება რუსეთის სრული განადგურებით და დაშლით. გამარჯვების კონკრეტული პარამეტრები კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა. თუ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე (მჯერა, რომ ეს რამდენიმე თვეში მოხდება), მე მსურს ოდესაში დაბრუნება – ზღვის ხედით ტკბობა და მეგობრების გამასპინძლება“, – აღნიშნავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
მისი თქმით, საკუთარ თავს 100 პროცენტით უკრაინელად გრძნობს.
ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ინტერვენციის დროს უკრაინაში რომ ყოფილიყო, ის ფრონტის წინა ხაზზე გაემგზავრებოდა ხოლმე, დაეხმარებოდა უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს, ასევე გამოიყენებდა თავის მრავალრიცხოვან კავშირებს მსოფლიოში უკრაინის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის.
„პირველ ყოვლისა, მე ვიქნებოდი პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, რომელიც მიმაჩნია ყველაზე გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ ჩერჩილის შემდგომ პერიოდში. მასთან შედარებით, რეიგანი და ტეტჩერი ნერვიულად ეწევიან გვერდზე. ამავე დროს, მე შემოვივლიდი მთელ მსოფლიოს და გამოვიყენებდი ჩემს მრავალრიცხოვან კავშირებს უკრაინის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის. მეორე – მე მუდმივად გავემგზავრებოდი წინა ხაზზე, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა კოლექტიური მიმართვა ჩაწერეს და დაბადების დღე მომილოცეს, თუმცა მე არცერთი წამით არ მავიწყდება ის ფაქტი, რომ უკვე 35-მა მათგანმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა ომში, მათ შორის შვიდმა ბახმუტის ფრონტზე. ასევე მრავალი ჩემი უკრაინელი მეგობარი დაიღუპა ან დაიჭრა. ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და პატიოსანი ადამიანი, რომელსაც ვიცნობ, ჩემი თანაშემწე ვლადიმირ ჩავრიგი დაიღუპა ხერსონთან. ჩემი ერთადერთი პირადი მცველი და უბრალოდ მეგობარი, მიშა ბატურინი მძიმედ დაიჭრა ბახმუტთან. ასეთ საფასურს იხდის უკრაინა და ყველა ჩვენგანი. თავად მე თავს 100 პროცენტით უკრაინელად ვგრძნობ და არასდროს მიამაყია ამით ასე ძალიან“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში.