მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს - ეს არის ჩემი ბათუმი, ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება
ეს არის ჩემი ბათუმი, ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.
მისი თქმით, ის საქართველოში იმყოფება.
„ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც ბანძ სატელიტებს, თუ ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. დღეს ვაქცინაც გვექნებოდა, არც „კოვიდი“ დაგვემართებოდა და არ დაიხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება და საბოლოოდ, ეს აღსრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე.
დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის და სადაც ეს არის, იქ ტექნიკურად არ არის განვითარება და წინსვლა. საქართველოდან გარბის ხალხი. ჩვენ უნდა მივიდეთ 2-ში და შემდეგ 3-ში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ, თავისუფლების მოედანი, და თუ ვიქნებით 100 ათასი ადამიანი, ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება. თქვენს იმედზე ვარ. ყველაფერი გავრისკე – ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. მხოლოდ ერთი რამ მინდა – მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი გამოგივათ. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.