მიხეილ სააკაშვილი - ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში
ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აპირებს მონაწილეობას სასამართლო პროცესებში.
„ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ, მათ შორის, ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით. დღეიდან ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ, ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის, უპირველესად, ჩემ მიერ დაფუძნებულ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას““, – წერს სააკაშვილი.