მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოების სამსახურში ხვალინდელ დაკითხვაზე არ გამოცხადდება
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ვერ მივა.
ამის შესახებ განცხადება სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამ დროს სააპელაციო სასამართლოში უნდა მივიდეს, სადაც პროკურატურა პირველი ინსტანციის მიერ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებს.
„ოფიციალური მოწვევა არ მიგვიღია, თუმცა უსაფრთხოების სამსახურიდან დაგვირეკეს ტელეფონით. 22 დეკემბერს სააკაშვილი ვერ გამოცხადდება დაკითხვაზე, რადგან ამ დროს სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვა არის ჩანიშნული, რომელზეც პროკურატურა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებს“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
მისივე თქმით, სააკაშვილი არ აპირებს გამოძიებისგან მიმალვას, ის დაკითხვებზე გამოცხადდება და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლის დარღვევას ედავებიან.
პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინა პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ახლა ბრალდება ამ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.