მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას - არ უნდა ითამაშო ეთნიკური და ნაციონალური საკითხებით
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ყოფნით საქართველოს იცავს. ამის შესახებ მან საკასაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე არასდროს უარვყოფდი, რომ ქართველი ვარ. არასდროს მიღალატია საქართველოსთვის. ყოველთვის ვამაყობ საქართველოთი რომელიც ავაშენეთ, უბრალოდ ზუსტად ვიცი, რომ თუ არ იქნება უკრაინა და უკრაინის სახელმწიფოებრიობა, დაუმარცხებელი უკრაინა, არ დარჩება არც საქართველო. უკრაინაში ყოფნით ბუნებრივია მე საქართველოს ვიცავ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის მოქალაქეობა არ არის სუვენირი, რომლის წართმევა და მიცემა პრეზიდენტს შეუძლია.
„პოროშენკო კი დაიბადა ბოლგრადში, თუმცა მთელი ცხოვრება მოლდოვაში დნესტრისპირეთში იცხოვრა. ის კიევში ჩემზე ერთი წლით ადრე ჩამოვიდა. მას ვიცნობდი ინსტიტუტში და ყველამ იცოდა, რომ მე – ქართველი, ის კი მოლდოველი იყო. პოროშენკო ამას ვერ უარყოფს. გავიდა დრო და ამ მოლდოველმა ჯერ დანიშნა ქართველი უკრაინელად შემდეგ კი მას მოქალაქეობა ჩამოართვა”, – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას მის წარმომავლობაზე აპელირება კარგს არაფერს მოუტანს.
“ისინი ხსნიან პანდორას ყუთს, რომლის გახსნაც არ შეიძლება. ამით თამაში არ შეიძლება, მით უმეტეს პოროშენკოსთვის, გროისმანისთვის, ავაკოვისთვის. მგონი მათ თვითგადარჩენის ინსტინქტი დაკარგეს. არ უნდა ითამაშო ეთნიკური და ნაციონალური საკითხებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინის საკასაციო ადმინისტრაციული სასამართლო პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასაჩივრებს უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლითაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.