მიხეილ სააკაშვილი - უი მაგათ პატრონს, თუ დაიჭერენ მელიას და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ, ასეთ დღეში არიან, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ნიკა მელიას დაპატიმრება, როგორც არ უშვებენ ყველა თავმოყვარე ქვეყანაში
ეცდებიან ნიკა მელიას დაჭერას, უი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ, ასეთ დღეში არიან, – ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებით.
სააკაშვილის თქმით, ნიკა მელიას დაკავებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
„ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ნიკა მელიას დაპატიმრება. როგორც არ უშვებდნენ ამას უკრაინაში, ყირგიზეთში, თავის დროზე საქართველოში, როგორც არ უშვებენ ყველა თავმოყვარე ერსა და ქვეყანაში. ჩართეთ ტელევიზორი, იუთუბი და გაჩვენებთ, როდესაც ძალმომრეობას იჩენდა მთავრობა, როგორც იცავდა საკუთარ თავს ხალხი. თუ ძალმომრეობას იჩენს მთავრობა და ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი მონახავს ძალას, ორგანიზებულად, მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ არ დაუშვას ძალადობის გაგრძელება. ქართული საზოგადოება არის ღირსებით აღსავსე. ნიკა მელია გმირულად იქცევა, მაგრამ ახლა თითოეული ქართველი უნდა გახდეს ლიდერი და იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ცდიან მელიას დაჭერას, უი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ. ასეთ დღეში არიან. ეგენი თვითონ რომ არიან მხდალები, აქედანაც გადაწყვიტეს, რომ მხდალები არიან. საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ეს არის საქართველოს ბრძოლა საქართველოს მტრებთან. ეს არის სინათლის და სიბნელის ბრძოლა, სადაც საბოლოო ჯამში, სინათლე გაიმარჯვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.
ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა.