მიხეილ სააკაშვილი - თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მომხრეები მთავრობას დაამხობენ
თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მომხრეები მთავრობას დაამხობენ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გამოცემა Liberation-თან ინტერვიუში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინიდან მისი ექსტრადირება შესაძლოა, არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში მოხდეს.
„უკრაინის ხელისუფლება ჩემი ექსტრადირებისთვის ემზადება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საქართველოში გამაგზავნიან. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მათ პოლონეთის ხელისუფლებას ჩემი უკან მიღების თხოვნით მიმართეს. რაც შეეხება ჩემს ექსტრადიციას საქართველოში, ეს ძალიან რთული იქნება თბილისისთვის. მათ ჩემი იქ ყოფნა არ სურთ “, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებში დიდი მხარდაჭერა აქვს.
„მე შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებში დიდი მხარადჭერით ვსარგებლობ. მთავრობა სუსტია და ქართველების უმეტესობამ იცის, რომ ჩემი დაუსწრებელი სასამართლო პროცესი ფარსი იყო. უკვე წელზე მეტია სასამართლოები ეძებენ კორუფციისა და ოფშორული ანგარიშების კვალს, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ჩემი მმართველობის დროს იყო კორუფციის ნულოვანი დონე. ამიტომ ახლა ისინი მადანაშაულებენ პრეზიდენტის შეწყალების უფლების დარღვევაში. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში პრეზიდენტს არ დევნიან მისი კონსტიტუციური უფლებების შესრულებისთვის. ხალხმა ეს იცის. უკრაინის გენერალურმა პროკურორმაც კი ამ საქმეებს პოლიტიკური უწოდა, ვიდრე ჩემს წინააღმდეგ განეწყობოდა. თუ მე საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მომხრეები მთავრობას დაამხობენ ჩემს გასათავისუფლებლად. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.