მიხეილ სააკაშვილი - თქვენ წინაშეა ადამიანი, რომელიც იყო და არის მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო, ჩემი გასამართლება არის ქართველი ხალხის, მთელი მსოფლიოს დაცინვა
თქვენ წინაშე ზის ადამიანი, რომელიც იყო მსოფლიოში ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და არის. ამას ასამართლებთ, ეს არ არის მარტო ჩემი დაცინვა, ეს არის დაცინვა ქართველი ხალხის და მთელი მსოფლიოსი, რომელმაც ამდენი წიგნი დაწერა, აღფრთოვანდა ჩვენი გამოცდილებით, შთაგონების წყარო გახდა ჩვენი გამოცდილება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მას პრეზიდენტობის დროიდან მხოლოდ პიჯაკები დარჩა.
„არის კონკრეტული თემები, მაგალითად, ტაილანდში იმგზავრა სააკაშვილმა, როგორ გაბედა და ტაილანდში იმგზავრაო. ჩვენ მაშინ მოვიწვიეთ ოკეანის კუნძულების ხელმძღვანელები და დიახ, გადავეცით მათ, მათ შორის, საჩუქრები, საკმაოდ ძვირფასი საჩუქრები, რადგან რუსეთი ამ ხალხს ყიდულობდა. ჩვენ ახლა რუსეთს ვერ შევეჯიბრებოდით, არც იმის ფული მქონდა, ჯიბიდან ამომეღო და მიმეცა მათთვის, ამიტომ ერთადერთი, რაც შეგვეძლო, შევხვედროდით სადმე სადილზე კონფიდენციალურად, რადგან მათაც ეშინოდათ რუსეთის. ამაზე ახლა არ უნდა ვლაპარაკობდეთ, ეს უნდა იყოს გასაიდუმლოებული. დღევანდელი მთავრობის, პრემიერის, პრეზიდენტის ხარჯები რატომღაც გასაიდუმლოებულია. მე ზუსტად ისე ვხარჯავდი რაღაცებს, როგორც ესენი. რატომ არის მათი ხარჯები გასაიდუმლოებული და ჩემი აღარ არის? მე პიჯაკი წავიღე, აგერ მაქვს, გეუბნებოდით, რომ მინდოდა მოცემა და არ წაიღეთ. ამ პიჯაკების გარდა, მე სახლში არაფერი დამრჩენია. სახლიც არ დამრჩა“, – განაცხადა სააკაშვილმა.