მიხეილ სააკაშვილი - შევქმნით დროებით კოვიდადმინისტრაციას და სწრაფად დავასტაბილურებთ სიტუაციას
ხალხი არ შევა უკან და მუდმივად იბრძოლებს, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი არ აღიარებს, რომ მათ გააყალბეს ბოლომდე, მოიპარეს არჩევნები, ჩაიდინეს საუკუნის ძარცვა, ვიდრე არ იქნება აღიარებული ნამდვილი შედეგები ან არ ჩატარდება მთლიანად ახალი არჩევნები დროებითი ადმინისტრაციის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქმიმართვისას განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღინიშნა, კორონავირუსს საქართველოს მთავრობა იყენებს, რათა ქვეყანა ჩაკეტოს და ხალხში შექმნას პანიკა.
„კოვიდის ეპიდემია პრაქტიკულად გახდა უკონტროლო იმის გამო, რომ მთელი რიგი ქმედებები ხელოვნურად არ განხორციელდა ივანიშვილის მთავრობის მიერ. ახლა გამოყენებულია ივანიშვილის მიერ, რათა ქვეყანა ჩაკეტოს, რათა ხალხში შექმნას პანიკა, რათა ხალხმა არ დაიცვას თავისი არჩევანის შედეგები. მინდა, ვუთხრა ყველას, რა თქმა უნდა კოვიდი არის საშიში და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გვჭირდება პირადი ჰიგიენის დაცვა, ნიღბების გამოყენება, ხელების დაბანა, მაგრამ ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ამან არ უნდა შეგვაჩეროს საქართველოსთვის ბრძოლაში, საქართველოს გადარჩენაში და თითოეული ჩვენგანის, ოჯახის, შვილების გადარჩენის საქმეში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც კი ივანიშვილი გაიწევა გვერდზე, შეიქმნება დროებით კოვიდადმინისტრაცია და ძალიან სწრაფად დასტაბილურდება სიტუაციას.
„მინდა, მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ, ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. გაძლევთ გარანტიას და დარწმუნებული ვარ, ამას ყველა დაეთანხმება, რომ ვინც ახლა გამოვა და მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არამხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანი წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების. მინდა, ამ საათებში, ამ წუთებში, უახლოეს ერთ-ორ დღეში ყველანი დაფიქრდეთ, რაზე მოგაწერინეს ხელი ნებსით თუ უნებლიეთ, რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობა და რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის ახლა სიმართლის თქმა. ბოლოსდაბოლოს თქვენ, ყველანი ქართველები ხართ და ნამდვილად არ გვსურს არავიზე რევანში. ნამდვილად არ მსურს, რომ ვინმეს მიმართ რაიმე რეპრესიები განხორციელდეს, თუნდაც ეს იყოს კანონით დამსახურებული, მაგრამ ახლა, ვიდრე გვიან არ არის, დადექით ხალხის მხარეს. ეს არის ისტორიისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი უბრალოდ ადამიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვმოქმედებთ, ვიმოქმედებთ ვიდრე ივანიშვილი არ აღიარებს და არ დააბრუნებს ნაძარცვ არჩევნებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.