მიხეილ სააკაშვილი - შეტევა ბოლომდე [ვიდეო]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები გვიან ღამით გორის ჰოსპიტალთან შეიკრიბნენ. მათ მიხეილ სააკაშვილს შეძახილებით დაბადების დღე მიულოცეს, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ცაში მანათობელი ფრანები გაუშვეს.

მხარდამჭერებს გორის ჰოსპიტლიდან მიესალმა მიხეილ სააკაშვილი. მან პალატიდან თეთრი ზეწარი ააფრიალა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

„მეგობრებო, მთავარია ერთიანობა, შეტევა ბოლომდე, არშეშინება. ნუ გეშინიათ ნურანაირი რეპრესიების. მე არ მეშინია, მე ვიბრძვი ბოლომდე. მე გისურვებთ საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს გათავისუფლებას და თითოეულ თქვენგანს ბედნიერებას. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გვიქნან, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ დიქტატურისა და უბედურებისგან. აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია ერთობა. არ ჩამოვყაროთ ხელები, მივაწვეთ ბოლომდე და ჩვენ აუცილებლად წავალთ ევროპაშიც, როგორც მოწინავე ქვეყანა. არავის მაჩანჩალა ჩვენ არ ვართ, არავის დასაჩაგრი არაფერი არ გვჭირს. ძირს დიქტატურა, ძირს ძალადობა. ვერანაირი ივანიშვილი, მისი ბანდა ჩვენ ვერ მოგვერევიან, ვიცით, რას ვაკეთებთ, ჩვენ გვიყვარს ქვეყანა, მათ არ უყვართ ქვეყანა. ჩვენ შეგვიძლია, თავი გავწიროთ ქვეყნისთვის, მათ არ შეუძლიათ. მე დავბრუნდი იმისთვის, რომ არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა იყოს არათავისუფალი. ამიტომ ჩემი სიცოცხლე, ჩემი თავგანწირვა, ჩემი არსებობა გეკუთვნით მთლიანად თქვენ, თითოეულ თქვენგანს, ვინც ახლა მოხვედით და ვინც ახლა გვისმენთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.