მიხეილ სააკაშვილი - სევერიონ დანგაძე მძევლად ჰყავთ, რომ ჩემ წინააღმდეგ ჩვენებები მიაცემინონ
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სევერიონ დანგაძე მძევლად ჰყავთ, რათა მის წინააღმდეგ ჩვენებები მიაცემინონ. ამის შესახებ სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, სადაც დანგაძის პროცესი მიმდინარეობს.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოში შესვლისას პრობლემა შეექმნა.
„ჩემი პასპორტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩემი სახლის უკანონო ჩხრეკის დროს ამოიღო, ამიტომ, მე მითხრეს ქვემოთ, რომ პასპორტის გარეშე ვერ შემიშვებდნენ. როდესაც საქმე ჩემ დაპატიმრებას ეხება, მათ პასპორტი არ სჭირდებათ, როდესაც სასამართლო სხდომაზე შეშვებაზეა საუბარი, პასპორტი საჭიროა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ იდიოტურ საბჭოთა სისტემასთან გვაქვს საქმე. მოქალაქეთა ჯგუფმა აქ პრაქტიკულად ძალით შემოიყვანა, სამწუხაროდ, ვერ მოვუსწარი სასამართლოს ძირითად ნაწილს“, – აღნიშნა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
სააკაშვილის თქმით, დანგაძის საქმე მის გარშემო ატეხილ ამბავს უკავშირდება.
„ეს ამბავი არ უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებას სევერიონს, ეს ყველაფერი ჩემ გარშემო ატეხილ ამბავს უკავშირდება. აშკარაა, რომ დანგაძე მათ არ აინტერესებთ, ის მათ მძევლად ჰყავთ და მასზე ზეწოლას ახორციელებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რომ როგორმე ჩემ წინააღმდეგ ჩვენებები მიაცემინონ. მათ დღეს სასამართლო გადაიტანეს და დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემა შექმნეს, რადგან პარასკევს ჩემი სასამართლოა დაგეგმილი ჩემთვის შინაპატიმრობის შეფარდების მიზნით. პარალელურად ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან ჩემს ექსტრადირებაზე. ეს არის მთელი ისტორია. აქ არაფერ შუაშია ამ საქმის ფაქტები, რომლებიც, როგორც პეჩერსკის სასამართლოში მოვისმინე, პრაქტიკულად არ არსებობს, მათ ნაკლებად ადარდებთ თავად სევერიონიც. ეს არის პოროშენკოს გეგმა – განმამწესოს მე შინაპატიმრობაში, იქიდან კი, ქართულ ციხეში გადამიყვანოს ოლიგარქის მიერ მოგონილი ბრალდებების საფუძველზე. ეს არის სამი ქვეყნის, სამი ოლიგარქის შეთქმულება. ეს არის პუტინის და მისი ნების შემსრულებლების – პოროშენკოსა და ქართველი უმსხვილესი ოლიგარქის, „გაზპრომის“ აქციონერის ბორის ივანიშვილის შეთქმულება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, უკრაინაში სასამართლო დანაშაულებრივი დაჯგუფებაა.
„უკრაინაში არ არსებობს სასამართლო. არსებობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება რომელსაც პრეზიდენტი პოროშენკო მართავს, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც, უსაფრთხოების სამსახურიც და თავად წყვეტს, ვინ დააკავოს, ვინ როგორ გაასამართლოს, რომელი სასამართლო გადადოს. ერთადერთი, ვინც მათი გეგმები ჩაშალა, იყო მოსამართლე ლარისა ცოკოლი, რომელმაც ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას სახეში შეაფურთხა და მე გამათავისუფლა წინა სასამართლოზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ, გააძევონ ის უკრაინიდან და უკრაინის პოლიტიკიდან.
5 დეკემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთში გაქცეულ უკრაინელ სერგეი კურჩენკოს შორის შუამავალი სააკაშვილთან დაახლოებული პირი სევერიონ დანგაძე იყო.