მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში თუ დამაბრუნებენ, გარანტიას გაძლევთ, ძალიან მალე თავისუფალი ვიქნები
საქართველოში დაბრუნების არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა, ამით პუტინს გავუკეთო საჩუქარი, – ეს განცხადება, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, იტყობინება უკრაინული საინფორმაციო პორტალი “უნიანი“.
გამოცემის განმარტებით, სააკაშვილის განცხადება უკრაინელი ჟურნალისტების კითხვას მოყვა – რას მოიმოქმედებს, თუ საქართველოში მისი დეპორტაციის ან ექსტრადირების საკითხი დადგება.
„საქართველოში თუ დამაბრუნებენ, გარანტიას გაძლევთ, ძალიან მალე ვიქნები თავისუფალი და უფრო მეტიც, ეს პოროშენკოსთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. ამის შესახებ მანაც იცის და საქართველოს მთავრობამაც“ – განმარტა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ძალუძს მისი დაპატიმრება.
მისივე თქმით საქართველოს მოსახლეობის, სამართალდამცავი უწყებებისა და თავდაცვის საჯარისო ნაწილების უმრავლესობა მხარს მას უჭერს.