მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არის პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი, რომელიც სვეცკურად უყურებს იმ ხალხს, ვისაც სჯერა ტრადიციებისა და მრწამსის, ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს
ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ეს იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომელიც საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
როგორც სააკაშვილი ამბობს, ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა ძირძველ ქართულ ტრადიციებზე. სააკაშვილის თქმით, ის ხალხი, რომელიც დასცინის ქართულ ტრადიციებსა და მრწამსს, პუტინის საქმეს აკეთებს.
„მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ტრადიციულ ფასეულობაზე, ქართველობაზე. მეგობრებო, ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ეს იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. საკაშვილმა ახლა აღმოაჩინა, ახლა გაიღვიძაო – უკაცრავად, საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როცა მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა. დიახ, მე ვარ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, ძალიან სერიოზულ, ქართულ ძირძველ ტრადიციებზე. დიახ, არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების საქართველოში, რომელიც დასცინის ყველაფერს ქართულს, აბაიბურებს და რაღაც, ასე სვეცკურად, ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც სჯერა თავის ტრადიციებისა და მრწამსის. ვფიქრობ, ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს. პრაქტიკულად, უგდებს ხელში ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და სხვა პირდაპირ აგენტებს საქართველოს მტრების, იმიტომ რომ არაფერი კავშირი არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ფასეულობები, ღირებულებები. ეს არის ის, რითიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის ის, რასაც მე პირადად მივყვები. პრეზიდენტობის დროს, მინისტრობის დროს ძალიან ბევრი გავაკეთეთ, რომ ეს ასე ყოფილიყო“,- აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს ბევრი ქართული ტრადიცია აღდგა.
„ჩემ დროს აღდგა ბევრი ქართული ტრადიცია, ძალიან ბევრ ქართულ ძეგლს დაუბრუნდა პირვანდელი სახე. ჩემთვის პრინციპის საკითხი იყო ბაგრატის აღდგენა. გახსოვთ, როგორ დამცინოდნენ ბაგრატის აღდგენაზე და რა ყაყანი ჰქონდათ ზუსტად იმათ ატეხილი, ვინც ახლა დასცინის ჩვენ ხალხს და ატეხილი აქვთ ერთი გნიასი. დიახ, ამ ჯგუფმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ხელისუფლება გაეუცხოებინა, დისტანცია და ნაპრალი გაეჩინა ჩვენს ხალხთან ღირებულებების გარშემო. ჩვენ ვართ ყველაზე ინოვაციურები, ყველაზე ბევრი იდეა გვაქვს, გათანამედროვების იდეა გვაქვს. დიახ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებთ. ეს არის აწმყო და მომავალი შობილი წარსულისგან. მოდი ამაზე შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის მოდა, ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვაკეთებდი, ოღონდ რუსულმა და მტრულმა პროპაგანდამ ყველაფერი პირიქით მოატრიალა და აქეთ შემოგვტენა ისეთი რამე, რაც უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს.
ვფიქრობ, აქ არის საუბარი პიროვნულ დაპირისპირებაზე. სიმართლე უნდა ითქვას და რაღაც დონემდე თავს ვიკავებდი, მაგრამ ამდენი ტყუილის და უბედურების შემდეგ, რაღაც მომენტში ხალხს უნდა გაეგო სიმართლე, რაც არის ფუნდამენტური განსხვავება მეგობრებო. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ყველასთან ვითანამშრომლებთ საერთო უბედურების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, ყველას შეხედულებას, თუ ეს საქართველოს ინტერესებშია.
ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრი საფრთხე გვაქვს და დრო აღარ გვაქვს რესურსების გაბნევის და ერთმანეთთან ქიშპის. ძალა ერთობაშია, საქართველოში უნდა გათენდეს და გათენდება კიდევაც“,- აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.