მიხეილ სააკაშვილი - საქართველო პრაქტიკულად კარგავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას
სენატორების შაჰინის და რიშის ძალიან მძიმე საბრალდებო დასკვნაა ივანიშვილის რეჟიმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სენატორები შაჰინი და რიში არიან ძალიან ცნობილები, ძალიან წესიერები და საერთაშორისო არენაზე ძალიან დიდი ავტორიტეტის მქონე ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებმაც ზუსტი დიაგნოზი დასვეს თუ რაც ხდება საქართველოში.
„სენატორები სიამაყით იხსენებენ, რომ 2012 წელს დამკვირვებლები იყვნენ არჩევნებზე და იხსენებენ, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარე მე ეს არჩევნები და როგორ დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება. შემდეგ ლაპარაკობენ იმ რეპრესიებსა და უსამართლობაზე, რაც ხდება ახლა. ამაზე რაღას იტყვიან ივანიშვილის გოშიები, ესენიც ვიღაცამ მოისყიდა და ვიღაცის ლობისტი არიან? პრაქტიკულად საქართველო კარგავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ამ მხარდაჭერის შედეგად გადარჩა ქართული სახელმწიფოებრიობა 2008 წელს, ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენს მხარეს და ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი. ჩვენი თავგანწირვით და ჩვენი ორგანიზებულობით, ერთად ყოფნით, აუცილებლად მივიყვანთ საქართველოს გამარჯვებისა და გამოხსნის საქმეს ბოლომდე. ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოში აუცილებლად გათენდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.