მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ერთ-ორ წელიწადში მსოფლიო რუკიდან საერთოდ გაქრება
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივ მოძრაობის „ერთად სახლში საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის ხელმძღვანელთა განცხადებით, ორგანიზაციის მთავარი მიზანი ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობაა. ამ მიზნის მიღწევას მოძრაობის წევრები სხვადასხვა პროექტით შეეცდებიან.
პრეზენტაციის შემდეგ შეკრებაზე სკაიპით ჩაერთო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მას მოძრაობის წევრებმა კითხვები დაუსვეს მათ შორის ლაზიკაზე, ქალაქ ფოთის განვითარებასა და საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის განვითარება და რას უნდა ველოდოთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სააკაშვილი პასუხობს, რომ საქართველო მალე რუკიდან გაქრება
,,საქართველო ერთ-ორ წელიწადში მსოფლიო რუკიდან საერთოდ გაქრება. ამაზე მეტყველებს ყველა მონაცემი. თუ გადავხედავთ სტატისტიკას ვნახავთ, რომ ჩემ დროს ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, ხოლო ივანიშვილის დროს ზრდა არის ნული პროცენტი. ამასთან დავკარგეთ მილიონი ადამიანი, ვინც ახლა ემიგრაციაშია. რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, რუსეთმა შეაჩერა ანაკლიის იმავე ლაზიკის პორტის მშენებლობა.
დროზე თუ არ შევცვალეთ ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო აღარ იქნება. ჩვენ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვიყავით და დღეს აღარსად ვართ. ეს არის რეალობა,” – განაცხადა სააკაშვილმა.