მიხეილ სააკაშვილი - საქართველო არის გადასარჩენი, მოგმართავთ სამხედრო მოსამსახურეებს, უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს
საქართველო არის გადასარჩენი, მოგმართავთ ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის, თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.
„მინდა, მივმართო საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ძალიან ვამაყობ იმით, რომ თქვენი თანამებრძოლი ვარ, ვამაყობ იმით, რომ თქვენთან ერთად შევქმენი პრაქტიკულად ტილიანი, გაუბედურებული, განადგურებული ჯარიდან ნამდვილად საამაყო, საბრძოლო შენაერთები, რომელთაც არა მხოლოდ მთელს საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში გაითქვეს სახელი.
არასოდეს დამავიწყდება, ამერიკის გენერალური შტაბის უფროსის, პეტრიუსის გამოხმაურებები ქართველ სამხედროებზე, სხვა უცხოური გენერლების და ხელმძღვანელების. თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი არ სჭირდება საქართველოს.
თქვენ გახსოვთ, რომ მრავალი წელი კრძალავდა სამხედრო აღლუმებს. რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტით უხდის ხელფასს, რომ მათ არ შეუქმნან პრობლემები და გააკონტროლონ დანარჩენი ჯარი. სამაგიეროდ ყველა საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, არ წყდება. ბინები, მივლინებები, მთელი ეს წლები ნაწილდება ნეპოტიზმით, ნაცნობობით, ნათესაობით და არავითარ შემთხვევაში დამსახურებით. საუკეთესო ოფიცრები გააქციეს საქართველოდან და დანარჩენებს გაქცევაზე უჭირავთ თვალი. აღჭურვა მკვეთრად შესუსტდა და ვარჯიშები პრაქტიკულად ნულზეა ჩამოყვანილი. ეს არის სამარცხვინო და შეუთავსებელი სიტუაცია ქართველი კაცის სულთან.
ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა. მეგობრებო, გარდა ყველაფრისა, თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ ერთად უნდა მოვემზადოთ ამ უზურპატორი ხელისუფლების… რომელმაც მოგვპარა ოქტომბრის არჩევნები გასულ წელს, რომელმაც დაანგრია ხელშეკრულება ევროკავშირთან და გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, რომელიც ყოველდღიურად ძალადობით და მუქარებით და ქრთამებით ინარჩუნებს კაბინეტებს.
საქართველო არის გადასარჩენი. მოგმართავთ თქვენ, როგორც ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის და ასევე ხელშეკრულების აღდგენისთვის, ეს არის რეფერენდუმი. საქართველოს ახლა სჭირდება შველა. თქვენი პატრიოტიზმის და თქვენი განსაკუთრებულობის იმედი მაქვს. თქვენი და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი გმირი ვეტერანების, შეიარაღებული ძალების. აბა, თქვენ იცით, ყველაფერი კარგად იქნება“,- განაცხადა სააკაშვილმა.