მიხეილ სააკაშვილი - საქართველო არის ჩემი ხატება, რადაც არ უნდა დამიჯდეს, დაბრუნებას ვაპირებ
რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვაპირებ, დავბრუნდე საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
„მოვუწოდებ ყველას, დადგეს თავისუფლების სადარაჯოზე, თავისუფლებისა და შვილების მომავლის გადასარჩენად. ამ ბრძოლის გაშლასთან ერთად, რა თქმა უნდა, მე ვაპირებ, დავბრუნდე საქართველოში, რადაც არ უნდა დამიჯდეს. ჩემი სიცოცხლეც არაფრად მიღირს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვერავინ ვერ მოახერხოს ხელის აღმართავ ვერც ერთ ქართველზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში არც ერთი თანამდებობის დაკავების ინტერესი არ აქვს.
„მითქვამს და ამას ახლაც ვიძახი, მე არ მინდა თანამდებობა, არც ერთი პოსტი საქართველოში, ისევე როგორც არასდროს მიბრძოლია სიმდიდრისა და ფუფუნებისთვის. არასდროს ყოფილა თანამდებობა ჩემთვის თვითმიზანი. საქართველო არის ჩემი ხატება, ისევე როგორც ყველა ქართველი პატრიოტის ხატება და ივანიშვილს საქართველოს არ მოვასპობინებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.