მიხეილ სააკაშვილი - სამთავრობო ექიმები ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ, ყველა, ვინც დაეხეტებით „ოცნების“ ღონისძიებებზე, ხართ თითოეული მოქალაქის განადგურების თანამონაწილე, ქართველი ერი გაგცემთ საკადრის პასუხს
სამთავრობო ექიმები იმის მაგივრად, რომ დაკავებული იყვნენ, ტელევიზორში არიან გამოკერებული და ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„იმის მაგივრად, რომ ექიმები დაკავებული იყვნენ, ქედს ვიხრი ქართველი ექიმებისა და მედპერსონალის წინაშე, მე ვსაუბრობ სამთავრობო ექიმებზე, ტელევიზორში არიან გამოკერებული და ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ. ქართველი ექიმები, მედიკოსები, მედპერსონალი იმსახურებს ყველანაირ მადლობას და მართლა ქედის მოხრას თითოეული ჩვენგანისგან. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, „საქართველოს 150 საავადმყოფო დაუტოვა“.
„საქართველოს აქვს ბევრად უფრო უკეთესი ბაზა, ვიდრე უკრაინას, მაგრამ მოახერხეს და უკრაინაზე ბევრად უარესი ციფრები აქვთ. ამას ხომ მოხერხება უნდოდა, იმ ბაზის პირობებში, რომელიც მე დავუტოვე. ყველაფერი, რაც არის საავადმყოფოებში, ეკიპირება, ყველაფერი მე დავტოვე. მეორე ეტაპი უნდა ყოფილიყო ექიმების გადამზადება, უკეთესი აღჭურვა და ასე შემდეგ. ეს უკვე აღარ გააკეთეს და ახლა ამის შედეგებს ვიმკით. მაგრამ მთავარი და პირველი ეტაპი ჩვენ განვახორციელეთ და გვქონდა ბუნებრივი უპირატესობა, რომ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო, რომელიც ახლა ხდება. ვისზე გადადის ეს? საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებზე. რატომ არ იცრება ხალხი? ხალხს ნუ კი ამუნათებთ. იმიტომ, რომ არ სჯერათ თქვენი.
რატომ უნდა დაგიჯეროთ, მატყუარები ხართ, უკვე იმდენჯერ მოიტყუეთ. რატომ უნდა დაუჯეროს ხალხმა ვინმე იმნაძეს და ვინმე აცანცარებულ ცერცვაძეს, როდესაც ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ მთელი ეს თვეები და წლები. ლევან რატიანი ტელევიზორიდან არ გამოდის, უკაცრავად, ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს რეანიმაციის პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მე ყოველთვის პატივისცემით ვიყავი ლევანის მიმართ, მაგრამ ლევან, ცოტა ნაკლები რომ ილაპარაკო ტელევიზორში და ცოტა მეტად გადაარჩინო ხალხი, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს ქვეყანა არ არის თქვენი საგულაო და არ არის გასანადგურებელი, რომ ყელყელაობდეთ „ოცნების“ ღონისძიებებზე. კი, გაგიშვით უცხოეთში სასწავლებლად, არა იმისთვის, რომ თანამონაწილეობდე შენი მოქალაქეების მკვლელობაში. მეტი არაფერი არ ჰქვია ამას, რასაც აკეთებს სამედიცინო ფუნქციონარები დღეს საქართველოში. ყველა, ვინც დღეს თანამშრომლობს დანაშაულებრივ რეჟიმთან, არის კოლაბორანტი და თავისი მოქალაქეების მკვლელობის თანამონაწილე. ნამდვილად არ ვაპირებ ენის მოჩლეფით გელაპარაკოთ. სიმართლე უნდა გითხრათ თვალებში. ყველანი კარგები ვართო, არაფერი კარგები არ ხართ. ყველა, ვინც დაეხეტებით იმ ღონისძიებებზე, ხართ თანამონაწილე ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის განადგურების და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის. წერტილი. არ ვაპირებ, ენის მოჩლეფით ველაპარაკო ყველას, ვინც ანადგურებს ჩემს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა, ღირსება და ქართველი ერი გაგცემთ საკადრის პასუხს უახლოეს კვირეებსა და თვეებში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.