მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, რუსთაველის გავსება შესაძლებელია
სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, შენობაში ერთსა და იმავე ხალხთან შეხვედრა არის ერთ წრეზე ტრიალი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ევროპული ერთიანობის პლატფორმა მისასალმებელია.
„ჩემი აზრით, ახლა აღარ არის დისკუსიების დრო და უბრალო ლაპარაკის, ახლა დროა საქმეზე გადასვლის, კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართვის, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების და სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლების, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული რაღაცები. მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ რუსული დეზინფორმაცია არის ცუდი, ეს არაფერს გვაძლევს. უნდა იყოს კონკრეტული წინადადებები ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ, მარტო ლაპარაკი, რომ უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, არაფერს გვაძლევს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უზრუნველვყოთ თავისუფალი არჩევნები.
მე არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილზე რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, შენობაში ერთსა და იმავე ხალხთან შეხვედრა არის ერთ წრეზე ტრიალი. თავისუფლების მოედანი დაპატარავდა სპეციალურად, სივრცე შეამცირეს. იპოდრომი, ის, რაც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობი ადგილია, პრაქტიკულად აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია. თუ ქალბატონი სალომე აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.