მიხეილ სააკაშვილი - საკვების შემოტანისას, ჩემს არცთუ ისე პატარა ასაკის დედას ამცირებენ და საათობით აცდევინებენ, მინდა, ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმხორციელებლებს, დედები გყავთ?
ყოველ ჯერზე საკვების შემოტანისას, ჩემს არცთუ ისე პატარა ასაკის დედას, გიული ალასანიას ამცირებენ და საათობით აცდევინებენ, მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში.
მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ წაუკითხა.
„ყოველ ჯერზე საკვების შემოტანისას, ჩემს არცთუ ისე პატარა ასაკის დედას, გიული ალასანიას ამცირებენ და საათობით აცდევინებენ, მერე ვინმეს უკვირს, მწყობრიდან რატომ გამოვდივარ. მინდა, ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმხორციელებლებს, თქვენ დედები საერთოდ გყავთ? გასაგებია, რომ პუტინისგან ჩემი მკვლელობა გაქვთ დავალებული და ამ მიზნით მომწამლეთ და ყველა სხვა დანაშაულს სჩადიხართ, მაგრამ დედაჩემი რა შუაშია? საღამოს სახლში რომ მიხვალთ ბარბარობის აღსანიშნავად, კმაყოფილები, რომ დღესაც დაამცირეთ დამსახურებული პროფესორი, იქნებ პირჯვრის გადაწერისას ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში და იქნებ სადმე სინდისისა და ადამიანურობის ნატამალი აღმოაჩინოთ“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.
ამასთან, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია.
„მინდა, გითხრათ, რომ 95 წლიდან ამ ადამიანს არცერთი წუთი არ დაუსვენია, სულ იმას ფიქრობდა დღედაღამე, რა გაეკეთებინა ამ ქვეყნისთვის და მე მიმაჩნია, რომ სასწაულები გააკეთა, მაგრამ შედეგად მიიღო ეს, რომ მოწამლეს ადამიანი და კვდება ნელ-ნელა“, – განაცხადა ალასანიამ.