მიხეილ სააკაშვილი - პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე ვხსნი ჩემს პირად შტაბს, რომ დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა [ვიდეო]
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე პირად შტაბს ხსნის.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვაში საუბრობს.
„მინდა, გითხრათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ; ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, თუ ვის ხელში გადავიდა ქვეყანა.
ქართული ოცნებაო და ამის მაგივრად მოგვაჩეჩეს გაჭირვება, დახოცილი ბავშვები, კაპიკებზე დღე და ღამე შრომა უცხოეთში, ბრძოლა გადარჩენისთვის, გაზულუქებული, მექრთამე და ბოლომდე გათავხედებული ჩინოვნიკები. ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი. ეს ხალხი მოვიდა თავისუფალი არჩევნების შედეგად, როდესაც მე მათ ხელისუფლება გადავეცი ყოველგვარი გართულებების გარეშე მრავალმილიარდიან ბიუჯეტთან ერთად. თან ყველანაირად დავეხმარეთ, რათა ესწავლათ ქვეყნის მართვა. არაფერი არ გამოუვიდათ. ეს ხალხი გვეუბნება, რომ უნდა დარჩეს კიდევ ჯერ ოთხი, მერე კიდევ ოთხი და მერე კიდევ ალბათ კიდევ 10-16 წლით.
დავფიქრდეთ, ვინ არის ეს ხალხი: მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, ბოლომდე გათავხედებული, მექრთამე კალაძე და უამრავი სხვა კიდევ არარაობა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას. ადრე, როცა მათ განცხადებებს ვისმენდით, მოღალატეობრივს, სულელურს, გიჟურს, გვეგონა, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო და მალე ეს უბედურება გაივლიდა. ხალხი ძალიან ადვილად მოიშორებდა. გავიდა უკვე რვა წელი და ეს ხალხი არსად არ აპირებს წასვლას და უფრო მეტიც, უნდათ რომ მიგვაჩვიონ ამ არანორმალურ გიჟურ მდგომარეობას. ამათგან გაგიგიათ საერთოდ რაიმე საუბარი ძალიან სწრაფ გარღვევაზე, მართლა დიდ პროექტებსა და მომავალზე? რა თქმა უნდა, არა.
გახსოვთ, როგორ ვჩქარობდი, როგორ მინდოდა, ძალიან სწრაფად დამდგარიყო უკეთესი მომავალი, დავწეოდით განვითარებად ქვეყნებს, გვქონოდა ნამდვილი გარღვევა და წინსვლა, ვყოფილიყავით არამხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში ყველაზე მაგრები. ესენი კიდევ პირიქით, უკვე სომხეთმაც გაგვისწრო და ყველა გვისწრებს. ესენი გვაჩვევენ დამონებულ, გაბეჩავებულ, გაუბედურებულ მდგომარეობას.
ივანიშვილს უნდა, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა თქვას – აბა მე საცოდავ, უბრალო ადამიანს რა შემიძლია, მაინც ვერაფერს ვერ გავაწყობ, ძალა აღმართს ხნავს, ამათ ვერასდროს ვერ მოვიშორებ და მაინც არაფერი არ გვეშველებაო. მას უნდა, რომ ჩვენ და ჩვენი შვილები წავიდეთ უცხოეთში, იქიდან არასდროს დავბრუნდეთ და ქვეყანაში ბურთიც და მოედანიც და რაც მთავარია, მთელი ქონება, ავლა-დიდება დარჩეს მას და ყველა დანარჩენი იყოს მისი მოჯამაგირე. ესენი ჩვენ გვეძახოდნენ გიჟებს, მაგრამ მინდა გკითხოთ, მას შემდეგ რაც ჩვენ წავედით, გახსოვთ ერთი დიდი პროექტი მაინც, საავადმყოფო, რომელიც აშენდა ან იუსტიციის სახლი გაუმჯობესებული სერვისებით ან რაიმე სხვა გარღვევა ხალხის საკეთილდღეოდ? გახსოვთ ბევრად მომატებული პენსია ან ბევრად მომატებული ხელფასი ან სწრაფად გაზრდილი ეკონომიკა? ერთი მაინც დასამახსოვრებელი, სასიკეთო, თუ გახსოვთ მათგან? – რა თქმა უნდა, არა. ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს.
გული მიკვდება, როდესაც ვუყურებ, ჩემი ქვეყნის ასე დაბეჩავებულ, განადგურების პირას მყოფ მდგომარეობას. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვერდზე ვერ გავდგები და გადავწყვიტე, უკვე ღიად, აქტიურად, ორგანიზაციულად, ჩავერთო ჩვენი ხალხის დასახმარებლად, ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და საქართველოს სწრაფი განვითარების გზაზე მყარად დასაბრუნებლად.
მინდა, ვუთხრა ყველას, რომ მე რა თქმა უნდა, ვარ მომხრე ყველა ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის, მე ვარ მომხრე ჩვენი ფართო ფრონტის შექმნი. მომხრე ვარ იმის, რომ არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ დაბრუნდეს თავის კაბინეტში და ბევრი ახალი, ღირსეული ადამიანი მოვიდეს პოლიტიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ამაზე აქტიურად ვმუშაობ და ყველაფერ ამაში უშუალოდ მივიღებ ძალიან აქტიურ მონაწილეობას.
პირველი მარტიდან, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშეც, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. რა თქმა უნდა, ეს გამოგვივა.
ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე. ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს, ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს. წელს ისინი დასრულდებიან. წელს საქართველო დაიწყებს დაჩოქილი მდგომარეობიდან ადგომას. წელს საქართველო გაიმართება წელში, საქართველოში გათენდება და ქართველი ხალხი აუცილებლად გავა სამშვიდობოზე.
უკვე მაქვს კონსულტაციები და ძალიან ფართოდ გავაგრძელებ მათ. ძალა ერთობაშია და ამიტომ, ყველას ვთხოვ, დავიწყოთ კიდევ უფრო ფართო კონსულტაციები. ყველას გელოდებით ჩემთან. მზად ვარ, დამიკავშირდეთ. ჩემი ამოცანა არ არის, რაიმე პირადი ამბიციის დაკმაყოფილება. მინდა, დავეხმარო თითოეულ თქვენგანს და ქართველ ხალხს ამ ჭირის მოშორებაში და სამშვიდობოზე ჩვენი ქვეყნის გაყვანაში. ასეც იქნება, ყველაფერი გამოგვივა, ძალიან მალე. დროის ათვლა დაწყებულია ქართველი ხალხის და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებამდე“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.