მიხეილ სააკაშვილი - რვა წლის შემდეგ იმიტომ ვიხდი ბოდიშს, რომ ახლა დგება სიმართლის მომენტი
რვა წლის შემდეგ იმიტომ ვიხდი ბოდიშს, რომ ახლა დგება სიმართლის მომენტი. ახლა დგება მომენტი, როდესაც საქართველო გადასარჩენია, ყველამ ყველა კარტი უნდა გავხსნათ, ყველაფერზე ღიად ვისაუბროთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, როდესაც უპასუხა წამყვანის კითხვას – რატომ იხდის ბოდიშს რვა წლის შემდეგ.
სააკაშვილის თქმით, ბოდიშს მთლიანად ქართულ საზოგადოებას უხდის.
„მე ვუხდი ბოდიშს მთლიანად ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რა შეცდომებიც დავუშვი, რაც შევძელით და რაც ვერ შევძელით, რაც დავუშვით და რაც ვერ შევაჩერეთ. ვინც არაფერს აკეთებს, ის არც შეცდომებს უშვებს. ზოგიერთი საერთოდ არაფერს აკეთებს და მარტო შეცდომებს უშვებს. საქართველო იყო წარმოუდგენლად წარმატებული ქვეყანა. რისთვისაც არ უნდა მიმეღწია და ძალიან ბევრ რაღაცას მივაღწიე, ასევე ბევრი რაღაც შეგვეშალა და რა თქმა უნდა, ამისთვის მოვიხადე ბოდიში.
რვა წლის შემდეგ იმიტომ ვიხდი ბოდიშს, რომ ახლა დგება სიმართლის მომენტი. ახლა დგება მომენტი, როდესაც საქართველო გადასარჩენია, ყველამ ყველა კარტი უნდა გავხსნათ, ყველაფერზე ღიად ვისაუბროთ. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც გადამწყვეტი იქნება საქართველოს, როგორც ქვეყნის არსებობისთვის, ყოფნა-არყოფნისთვის. თითოეული ადამიანის საქართველოში დარჩენისთვის თუ გაქცევისთვის. რეალურად, ახლა წყდება ბედი, გვექნება თუ არა ჩვენ სამშობლო საერთოდ“, – განაცხადა სააკაშვილმა.