მიხეილ სააკაშვილი - რეცეპტი მარტივია, გამბედაობა, ერთად დგომა და ივანიშვილზე შეტევა მთელ ფრონტზე - მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზემოდან, ქვემოდან
უნდა მოვუსმინოთ ბიძინა ივანიშვილს და ყველაფერი გავაკეთოთ პირიქით, თუ გვინდა, რომ საქართველო განვითარდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი, რაც ბიძინა ივანიშვილს დაძლევს, ის არის, რაზეც გუშინ თავად ივანიშვილმა ისაუბრა სატელევიზიო ინტერვიუში.
„მან თქვა, რომ არ მესმის, რა ხდება – ახალგაზრდებს ვიჭერთ, მაინც მოდიან, ვარბევთ, მაინც უკან არ იხევენ. მას ეშინია გამბედაობის და უკან არდახევის. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რომ არ უნდა – არ უნდა ქუჩის აქციები, უნდა იყოს ქუჩის აქციები; არ უნდა ხალხის აქტიურობა და ქვეყანაში ყოფნა, უნდა იყოს აქტიურობა; უნდა, რომ ქვეყნიდან ხახლი წავიდეს, პირიქით, ვინც წასულია, ისიც უნდა დაბრუნდეს; არ უნდა სააკაშვილი და ნაციონალები – დიდი დოზით უნდა ჰქონდეს სააკაშვილი და ნაციონალები. უნდა მოვუსმინოთ მას და ყველაფერი გავაკეთოთ პირიქით, თუ გვინდა, რომ საქართველო განვითარდეს. ეს არის ძალიან მარტივი რეცეპტი – გამბედაობა, ერთად დგომა, ძალა ერთობაშია, საერთო შეხების წერტილების მონახვა და შეტევა მთელ ფრონტზე – მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზემოდან, ქვემოდან, შეტევა ივანიშვილზე მთელ ფრონტზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.