მიხეილ სააკაშვილი - რატომ არ ისმის საერთოდ სუს-ის დაშლის საკითხი, პროტესტანტების უკან ვხედავდი ლოზუნგს რიგგარეშე არჩევნების, სად გაქრა ეს ლოზუნგი
რატომ არ ისმის საერთოდ სუს-ის დაშლის საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მან მიმართა იმ ადამიანებს, ვინც მისი თქმით, საქართველოს ღირსებას იცავს. სააკაშვილის განცხადებით, მათ გამოიჩინეს გონიერება, საღი აზრი და გამბედაობა, რაც მართლა დასაფასებელია.
„მინდა, მივესალმო იმ ხალხს, ვინც ამ დღეებში იცავს საქართველოს ღირსებას. არ ვაპირებ თქვენთვის ჩემი აზრების თავზე მოხვევას, რაიმე კატეგორიული რჩევის მოცემას. უბრალოდ, იმედია, ვერავინ შეეცდება თქვენს მანიპულირებას, რადგან თქვენ გამოიჩინეთ გონიერება, საღი აზრი და გამბედაობა, რაც მართლა დასაფასებელია. მაქვს რამდენიმე კითხვა, რაზეც ალბათ ყველანი ვფიქრობთ.
ვთქვათ, გადააყენა ივანიშვილმა გახარია, თქვენ იცით, რომ ასევე გადააყენა ფარცხალაძე ადრე, რამდენიმე წლის წინ, შემდეგ პრაქტიკულად კანონიერ ქურდად დანიშნა, მთელი ბიზნესები ჩააბარა, ხალხის ტერორის საშუალება მისცა და იმდენივე ბერკეტი შეუნარჩუნა, როგორც მაშინ, როდესაც იყო გენერალური პროკურორი. ღარიბაშვილი გადააყენა თავის დროზე და ახლა დააბრუნა პარტიის ლიდერად. მე პროტესტანტების უკან ვხედავდი ლოზუნგს რიგგარეშე არჩევნების. სად გაქრა ეს ლოზუნგი, ეს კითხვა მაქვს. ჩემი აზრით, არ უნდა მივცეთ ივანიშვილს თავის დაძრომის საშუალება. გახარიამ რა თქვა გუშინ, პრაქტიკულად მიანიშნა, რომ დარბევისა და დახვრეტის ბრძანება გასცა ივანიშვილმა, უარი თქვა, პასუხისმგებლობა აეღო ბრძანების გაცემაზე და თქვა, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ გასცა ბრძანებაო. ყველამ ვიცით, ვინ გასცემს ამ ბრძანებებს. ეს საკითხი იმისთვის, რომ ამ დღეებში ვერავინ შეძლოს ივანიშვილისთვის რაღაც უკანა კარებიდან გამოსასვლელის მიცემა, რადგან შეიძლება ვინმეს ასე უნდოდეს. მაგალითად, რატომ არ ისმის სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის სახელი, რატომ არ ისმის საერთოდ სუს-ის დაშლის საკითხი. სუს-ი ხომ ზუსტად ის ხალხია, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს. რატომ არ ისმის ანზორ ჩუბინიძის გვარი, დაცვის სამსახურის უფროსია, ვინც რეალურად ძალიან აქტიურად მონაწილეობდა დარბევაში. მან გამოყარა პარლამენტიდან ჟურნალისტები და ყველა სხვა, რადგან დარბევას ამზადებდნენ, მისი სახელი რატომ არ ისმის. ეს არის კითხვები დილიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.