მიხეილ სააკაშვილი - რადაში საბრძოლველად, უკრაინის ამოსაწევად მივდივართ, ამისთვის საჭიროა სისტემის დაძლევა, საჭიროა ჩასმები
უკრაინის 21 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ საარჩევნო სია სააკაშვილმა დღეს გაასაჯაროვა.
სიის პირველი ნომერი თავად სააკაშვილია. ხუთეულში არის ასევე დავით საყვარელიძე, რომელიც მანამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე უკრაინელი საზოგადო მოღვაწე ოლეს დონი, ოდესელი გროსმეისტერი ნატალია ჟუკოვა და უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ ლანავოი.
„რადაში საბრძოლველად, უკრაინის ამოსაწევად მივდივართ. ამისთვის საჭიროა სისტემის დაძლევა, ამისთვის საჭიროა ჩასმები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის კანონმდებლობით, რადას დეპუტატად კენჭისყრა შეუძლია 21 წელს მიღწეულ პირს, რომელიც ბოლო ხუთი წელი უკრაინაში ცხოვრობდა. სააკაშვილი ამ უკანასკნელ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. თუმცა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ ის უკრაინაში საპატიო მიზეზებით არ იმყოფებოდა და ამიტომ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია.
„უკრაინის კანონმდებლობაში არის პრეცედენტი, თუ ადამიანი უკრაინაში საპატიო მიზეზებით არ იმყოფებოდა. ჩემს შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტმა თავისი წინამორბედის განკარგულება გააუქმა და შესაბამისად აღიარა, რომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო იყო. თუ ეს უკანონო იყო, შესაბმისად მე უკრაინაში საპატიო მიზეზით არ ვიმყოფებოდი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შემდეგ სასმართლოს მიმართავს და მისი კანდიდატურის დარეგისტრირებას მოითხოვს. ვადამდელი არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება.