მიხეილ სააკაშვილი - რაც ხდება საქართველოში, ეს არის ნამდვილი გმირობა, მინდა, მივესალმო ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას
მიხეილ სააკაშვილი - რაც ხდება საქართველოში, ეს არის ნამდვილი გმირობა, მინდა, მივესალმო ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას

ის, რაც ხდება თბილისში ახლა, რაც ხდება ბათუმში, რაც ხდება მთელს საქართველოში, ეს არის ნამდვილი გმირობა, სამოქალაქო გმირობა თითოეული მონაწილის მხრიდან, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

„ძალიან მრავალრიცხოვანი, მშვიდობიანი, ომახიანი აქციის მონაწილეებს, რომელთაც დაანახეს მთელს საქართველოს, რომ იცავენ თითოეული ქართველის ხმას, საქართველოს თავისუფლებას და საქართველოს არსებობას, ისინი არ დაუშვებენ, რომ ოლიგარქმა საბოლოოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა რუსეთის დავალებით. ის, რაც ხდება თბილისში ახლა, რაც ხდება ბათუმში, რაც ხდება მთელს საქართველოში, ეს არის ნამდვილი გმირობა, სამოქალაქო გმირობა თითოეული მონაწილის მხრიდან. ამიტომ, მე მინდა თითოეულ თქვენგანს ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა, ეს არ არის პარტიული აქცია, თქვენ არ ხართ პოლიტიკოსებისთვის იქ. დავივიწყოთ საერთოდ პოლიტიკოსები, გვარები, სახელები, ამას საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველა ვიცავთ საქართველოს და მინდა, მივესალმო ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას. ახლა რასაც ისინი შვებიან, რომ დაიწყეს ძალადობის პირდაპირ გამოყენება და თან, ამას ამართლებენ რაღაც ისტორიული პრეცედენტებით. „იმედზე“ ატრიალებენ 7 ნოემბრის კადრებს და მე მინდა შევახსენო ყველას, 7 ნოემბრის შემდეგ, აქციის დაშლის შემდეგ, მე გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ მოაწყვეს 20 ივნისი და გახარია დააწინაურეს. მინდა შევახსენო ყველას, ვისაც ისტორია არ ახსოვს, 2012 წელს მე სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები და ჩვენ გადავეცით ძალაუფლება. ივანიშვილმა ახლა წააგო არჩევნები და ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას, აპირებს ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ეს მას არ გამოუვა. რაც უფრო მეტად შეეცდება ამას, მით უფრო ცუდად დაამთავრებს. ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ხელები შორს საქართველოს მომავლისგან, ნუ ეპიოტინებით ბინძური ხელებით, რადგან საქართველო არის წმინდათა წმინდა. ჩვენი ხალხის არჩევანი და თავისუფლება არის ყველაზე მაღლა. ყველანაირ თქვენს ღორობაზე, სიხარბეზე და პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა“,  -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, ამას ალტერნატივა არ აქვს და გაიმარჯვებს ძალიან სწრაფად.

„აბა, თქვენ იცით, ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი ვართ ბოლომდე ერთად. იმ წუთში, როცა ქართველი ხალხი გადაწყვეტს ჩემი ჩართულობის ფორმას, აი, რა ფორმასაც გადაწყვეტენ, ოპოზიციური ლიდერები და ქართველი ხალხი, შევასრულებ ბოლომდე და დავემორჩილები. მე არც ერთი თანამდებობა არ მსურს, მაგრამ ჩვენ ყველას ახლა, სიცოცხლეზე მეტად გვსურს საქართველოს გადარჩენა, გამარჯვება და ასეც იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.