მიხეილ სააკაშვილი - რა ჯანდაბაში გვინდა პორტი ჩინელების ხელში, ჩამოგვისახლებენ ჩინელებს ანაკლიაში, ყაზახებს – რუსთავში, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ საქართველო ისევ ქართველებს
რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი სტაბილური პორტი ჩინელების ხელში, ისევე როგორც რუსთავში ეკონომიკური ზონა გადასცეს მთლიანად ყაზახებს, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ საქართველო ისევ ქართველებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში ოქტომბერში წყდება ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში და არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია.
„დღეს საქართველოში ადამიანი, როგორც ცენტრი, არის დაკარგული. აი, ანაკლიაში ლაზიკის პორტი ჩვენ გვქონდა გათვლილი იმისთვის, რომ მთელი სამეგრელო დაგვესაქმებინა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ამათ გადაწყვიტეს, ჩინელები შემოიყვანონ და ჩინელებმა ჩაანაცვლონ ქართველები. რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი სტაბილური პორტი ჩინელების ხელში. გარდა საფრთხისა, უბედურებისა, სიღარიბისა, რა მოაქვს ამას, ისევე როგორც ეკონომიკური ზონა რუსთავში, რომელიც შევქმენით იმისთვის, რომ 60 000 ადამიანი დავასაქმეთ, ახლა ყაზახებს გადასცეს მთლიანად. ე.ი. ქართველი ადამიანი არ არის დაცული თავის ქვეყანაში, არავინ აღარ არის თავისი ბედის და ქვეყნის ბატონ-პატრონი. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ საქართველო ისევ საქართველოს მოქალაქეებს, ისევ ქართველებს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლების დროს ბევრად მეტი ადამიანი ბრუნდებოდა ქვეყანაში, ვიდრე ტოვებდა ქვეყანას, დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში კი 800 000-მა ქართველმა დატოვა საქართველო.
„ასე თუ გაგრძელდა, საქართველო მთლიანად დაიცლება ქართველებისგან. ჩამოგვისახლებენ ჩინელებს ანაკლიაში, ყაზახებს – რუსთავში და ქართველების ადგილი აქ აღარ იქნება. ვერ მოესწრებიან, ნურას უკაცრავად, ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვინც ეს მოინდომა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.