მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე - ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის აბსოლუტური სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი
ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტური სულელი, ან ჩვეულებრივად ნაყიდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ მიმართვისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ნულოვანი ბარიერი მსოფლიოში არ არსებობს და ეს გაერთიანებების დაშლას, ასევე პატარ-პატარა პარტიების ყიდვას ნიშნავს.
„ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე რისთვის? იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე – ესე იგი, ვიდრე ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს. პრაქტიკულად დღეს დააანონსა დაპატიმრებები, მოკეტოს „რუსთავი 2“, ყველასთან გააიასნოს სიტუაცია და მერე 2020 წელში რაღაც გაურკვეველი ნულოვანი ბარიერით, რაც მსოფლიოში არ არსებობს და ეს ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, ეს ნიშნავს სათითაოდ ყველა პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, ეს ნიშნავს გაერთიანებების დაშლას, 2020 წელში უკვე ბოლომდე მოწმინდოს და საბოლოოდ ჩაიდოს ჯიბეში საქართველო. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში, ამისთვის დაიღვარა სისხლი? ამისთვის არის ამხელა მოძრაობა მთელ მსოფლიოში? ეს კაცი მართლა გთვლით აბსოლუტურ იდიოტებად“, – განაცხადა საკაშვილმა.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პანიკაშია.
„ერთი რამ სრულიად ნათელია – ივანიშვილი არის პანიკაში, მაგრამ ახლა, ყველა, ვინც ამას დათანხმდება, არის ან აბსოლუტური სულელი, ან ჩვეულებრივად ნაყიდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს, ასევე დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
„ახლა აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამ კაცმა უნდა გადააყენოს გახარია, გამოუშვას ყველა დაპატიმრებული და დაუყოვნებლივ დანიშნოს არჩევნები რიგგარეშე, პროპორციული სისტემით მართლაც, მაგრამ რიგგარეშე, გამოცვალოს ცესკო-ს ნაყიდი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ჩამოიყვანოს საერთაშორისო დამკვირვებლები, ჩამოვიყვანოთ და ყველამ ერთად ჩავატაროთ ახალი არჩევნები. აი ეს არის, რაც უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.