მიხეილ სააკაშვილი - პუტინს გადაწყვეტილი აქვს, 2024 წლისთვის აღადგინოს საბჭოთა კავშირი და საქართველო, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინის ძირითადი ნაწილი შეიერთოს 
მიხეილ სააკაშვილი - პუტინს გადაწყვეტილი აქვს, 2024 წლისთვის აღადგინოს საბჭოთა კავშირი და საქართველო, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინის ძირითადი ნაწილი შეიერთოს 

ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს, 2024 წლისთვის ისევ აღადგინოს საბჭოთა კავშირი და აპირებს საქართველოს, სომხეთის, ბელარუსიის, მოლდოვას, უკრაინის ძირითადი ნაწილის შეერთებას, გარდა დასავლეთ უკრაინისა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

„აი, ეს არის მისი გეგმა. მისი გეგმა არის ახლა ნეიტრალიტეტი, ამ ქვეყნების დასუსტება, მათი პოლიტიკური ლიდერების განეიტრალება და 2024 წელს საბჭოთა კავშირის აღდგენა. მთები, რომელიც არის თქვენს უკან, აღარ გაყოფს ორ ქვეყანას, ეს მთები იქნება უბრალოდ ერთი ქვეყნის შიდა მთები, სადაც ჩვეულებრივად იმოძრავებენ მათი სამხედროები, ჩამოვლენ მათი ჩინოვნიკები, რათა ჩვენ გვიხელმძღვანელონ. ქართველები იქნებიან მათი გამრთობები, გამამხიარულებლები, რაც მათთვის იყვნენ ყოველთვის. ღვინოს დავუსხამთ, გავართობთ, ფეხებს ავულოკავთ და ვიქნებით ისევ მონები. აი, ეს არის მათი გეგმა. ამ გეგმას მიჰყვება ბოლომდე ივანიშვილი, ამ გეგმას ვერ ხვდებიან ძველი პოლიტიკოსები, მაგრამ ამ გეგმას შეგიძლიათ წინ აღუდგეთ მხოლოდ თქვენ, ქართული ახალგაზრდობა, მხოლოდ თქვენ, ვინც დაიბადა და გაიზარდა დამოუკიდებლობაში“, – აღნიშნა სააკაშვილმა ახლაგზარდების ჯგუფისადმი ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, „საქართველოში აუცილებლად გათენდება“.

„გათენდება, რადგან თქვენ ხართ მანდ, თქვენ შეცვლით, შეცვალეთ დროზე. ყოველი დღე არის ძალიან დიდი ზიანის და უბედურების მომტანი. ყველაფერი ერთად დაგროვდა და მე ვარ ერთ-ერთი რიგითი მებრძოლი, მე თვითონ აღტაცებული გიყურებთ თქვენ, თქვენ ხართ ის, რაც მე მინდოდა, რომ ყოველთვის ვყოფილიყავი, მაგრამ გიჟს მეძახდნენ, გადარეულს, ამიტომ ცოტა თავს ვიკავებდი. თქვენ ხართ ბოლომდე გიჟები და გადარეულები, რაც არის ძალიან მაგარი. იმედია, მოსავალი კარგია წელს და მალე ღვინოც დაიწურება. იმედია, მალე შემოგიერთდებით“, – მიმართა სააკაშვილმა ახალგაზრდების ჯგუფს.