მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს კამერების თანდასწრებით შეხვედრას სთავაზობს
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა და კამერების თანდასწრებით შეხვედრა შესთავაზა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ამ შეხვედრაზე მხოლოდ კორუფციის აღკვეთაზე იქნება საუბარი.
„უკრაინას დიდი მომავალი აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიცილოთ სისხლისღვრა, თუმცა ბარიგებს არ შევურიგდებით, კორუფციას არ შევურიგდებით, კულისებში მოლაპარაკებები არ იქნება. არც გქონდეთ იმედი. რომც მაწამოთ, მცემოთ, მაინც არ დავნებდები, ბარიგებს არ დავნებდი, ხელს არ ჩამოვუშვებ და არ გიღალატებთ.
უკრაინას დიდი მომავალი აქვს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ოლიგარქები იმარჯვებენ პოსტსაჭოთა სივრცეში, მათ შორის, საქართველოში, მოლდოვაში, რუსეთსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც. ისინი აფერხებენ სახელმწიფო განვითარებას. უკრაინა არის ოლიგარქების ტყვეობაში და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა მათგან. ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო ოლიგარქებს. მათ ისწავლეს არჩევნებითა და პარლამენტით მანიპულირება. ყველა წინა მაიდანი დასრულდა ოლიგარქების რევანშით. ჩვენი რევოლუცია მშვიდობიანია და ის ამბობს, რომ ოლიგარქი არასდროს იქნება უკრაინის პრეზიდენტი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, მაიდანზე საპროტესტი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ.