მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკო ცდილობდა, დავეთანხმებინე უკრაინიდან შორს, ნიდერლანდებში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ელჩად წავსულიყავი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მაიდნის რევოლუციის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლება მისი გუნდის წევრებს რჩევებისთვის მიმართავდა და მათ მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე ნიშნავდა.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი საჩივარი განიხილებოდა.
ოდესის ოლქის გუბერნატორის თქმით, იაცენიუკის მთავრობამ მას უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერობა შესთავაზა.
„იაცენიუკთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა. ამ წინადადებაზე უარი ვთქვი, თუმცა დავთანხმდი პოროშენკოს მრჩევლობაზე“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის მონაწილეობდა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს კანონის დაწერაში და პოროშენკო მას აღნიშნული უწყების ხელმძღვანელობას სთავაზობდა, შემდეგ კი თავად გადაიფიქრა.
სააკაშვილის განცხადებით, მან პრეზიდენტს ოდესის გუბერნატორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა თავად შესთავაზა, რადგან რეგიონში არსებული რთული ვითარების გამო აღნიშნული თანამდებობის დაკავების მსურველი არ მოიძებნა.
„როდესაც ყველამ უარი თქვა, პოროშენკომ ჩემს ინიციატივას მხარი დაუჭირა. თავდაპირველად კარგი ურთიერთობები გვქონდა, რადგან მან დაგვინიშნა პროკურორები, პოლიციის უფროსი, მოგვცა უფლება, რომ დაგვენიშნა საბაჟო სამსახურის უფროსი. თუმცა შემდეგ დაიწყო კონფლიქტები. მათ ეგონათ, რომ ეს დანიშვნები პიარისთვის იყო, ხოლო ყველაფერი უცვლელად გაგრძელდებოდა.
ოდესის საბაჟო იანუკოვიჩის, ასევე ამ ადმინისტრაციის დროსაც კიევს ყოველთვიურად რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამით უზრუნველყოფდა. თუმცა იქ მარუშევსკაიას დანიშვნით, ეს ფულის ნაკადი შეწყდა, ამ ფაქტმა კი ისინი გააბრაზა.
ამას გარდა, მათ მხარი დაუჭირეს ადგილობრივ სეპარატისტს ტრუხანოვს ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაში. ვითარება იძაბებოდა, მათ გაათავისუფლეს საყვარელიძე, წაართვეს ფუნქცია ლორთქიფანიძეს, ყველანაირად ავიწროებდნენ მარუშევსკაიას“, – განაცხადა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა.
სააკაშვილის თქმით, ამ ფაქტებმა ოქტომბერში გადადგომა აიძულა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, გადადგომამდე პოროშენკო ცდილობდა, დაეთანხმებინა დარჩენილიყო სახელმწიფო სამსახურში და მას უკრაინიდან შორს, ნიდერლანდებში და შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ელჩობას სთავაზობდა.