მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკოს“ წერილს უგზავნის, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გააუქმოს დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მთავრობის მიწვევის გადაწყვეტილება
მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკოს“ წერილს უგზავნის, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გააუქმოს დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მთავრობის მიწვევის გადაწყვეტილება

ციხეში ვარ იმ ქვეყანაში, რომელსაც ერთ დროს ვმართავდი, აი, რატომ მინდა, რომ ბაიდენმა ისაუბროს, – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა „პოლიტიკო“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს.

სააკაშვილი წერილში წერს, რომ „დაპატიმრებულია პოლიტიკური მოტივებით და თითქმის 50 დღის განმავლობაში დაკავებას და საქართველოს მთავრობის მხრიდან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებს შიმშილობით აპროტესტებდა“.

სააკაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა კონტროლი სასამართლო სისტემაზე და ბევრ სახელმწიფო და არასახელმწიფო მედიასაშუალებაზე, დაუშვა კორუფციის ზრდა, მანიპულირებდა არჩევნებით და უბიძგებდა ქვეყანას პუტინის რუსეთთან დაახლოებისკენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს საქართველოში ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენს ვიზიტს, რომელიც რუსეთის შემოჭრის შემდეგ საქართველოს დახმარებას დაჰპირდა. სააკაშვილი წერს, რომ ბაიდენმა მის ადმინისტრაციას მოუწოდა უზრუნველეყო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სრულად მონაწილეობითი დემოკრატია. მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდასაჭერად, რომელსაც მისი თქმით, სერიოზული საფრთხე ემუქრება. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ „ბაიდენი საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ თავისუფლებების ძირის გამოთხრისთვის, რომლის მისაღწევადაც ბევრი იშრომა“.

სააკაშვილი წერს, რომ 2004 წელს „ვარდების რევოლუცია“ დემოკრატიული რეფორმების, კორუფციის აღმოფხვრის და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის მიმართულებით იყო მოწოდებული.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ბედის ირონიით და ნაწილობრივ მისი მთავრობის დემოკრატიზაციის ძალისხმევის გამო, მისი პარტია 2012 წელს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა და ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცა „ქართული ოცნების“ მართულ კოალიციას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „დემოკრატიული პროცესით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილის მთავრობა სწრაფად გახდა ანტიდემოკრატიული და დღეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო, სამართალდამცველები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები თითქმის ექსკლუზიურად ემსახურებიან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მცირე კლანის ინტერესებს, კანონის უზენაესობის ხარჯზე“.

„იმავდროულად, მთავრობამ დეფაქტო შეაჩერა ყოველგვარი პრაქტიკული მცდელობა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის – რაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მას ემხრობა. სამაგიეროდ, საქართველო ეფლირტავება ირანთან და რუსეთთან „რეგიონული თანამშრომლობის“ პლატფორმას, რომელიც შთაგონებულია სტრატეგიული სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან დასავლური გავლენის მოსპობის იდეით. ამან უნდა შეაშფოთოს ბაიდენის ადმინისტრაცია: როდესაც ის 2009 წელს ეწვია, საქართველო საიმედო მოკავშირე იყო რთულ რეგიონში. დღეს „ქართული ოცნება“ ლუქავს ქვეყნის, როგორც რუსეთის კლიენტი სახელმწიფოს ბედს“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ახლა ქართველ ხალხს სჭირდება თავისი დემოკრატიული და პროდასავლური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერა ავტორიტარიზმის საფრთხის წინააღმდეგ.

„უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა ღიად უნდა დაგმოს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის შელახვის ძალისხმევის გამო. აშშ-ის კონგრესმა ასევე უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების დაწესება გლობალური მაგნიტსკის აქტის მიხედვით. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ან სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირის ვიზიტი გამოხატავს ამერიკის სოლიდარობას საქართველოს ხალხის მიმართ.

და ბოლოს, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გააუქმოს დემოკრატიის სამიტზე საქართველოს მთავრობის მიწვევის გადაწყვეტილება, რომელიც აგზავნის არასწორ სიგნალს და „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული პრაქტიკის ლეგიტიმაციას რისკავს. აშშ-ს საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის დიდი ისტორია აქვს არადემოკრატიული ელემენტების წინააღმდეგ სახლში და მის ფარგლებს გარეთ. თავისუფლების შემაშფოთებელი ეროზიის და რუსეთის მზარდი გავლენის ფონზე, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცხადყოფს, სად დგას ის“, – წერს სააკაშვილი „პოლიტიკოში“.