მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი შექმნას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტის შექმნისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გააკეთა.
ამასთან, სააკაშვილმა მოქალაქეებს მიმართა, მოხდეს საარჩევნო ხმების მობილიზაცია და მზად იყვნენ არჩევნების შედეგების დაცვისთვის.
„მიხარია, რომ ოპოზიციური ძალები იკრებენ ძალას, მაგრამ მე მაქვს შემდეგი მოწოდება – შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი. მინდა, ამ შემთხვევაში მოვუწოდო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელშიც არიან აბსოლუტურად ბრწყინვალე ახალი ვარსკვლავები, როგორიც არის სოფო ჯაფარიძე, მაგალითად, ირაკლი ხვადაგიანი, ადამიანი, რომელმაც ფეხ და ფეხ მოიარა ყველა სოფელი და უყვებოდა იმპერიის უბედურებაზე, ბრწყინვალე პროფესორი ილიაუნის, გია ჯაფარიძე, ასევე ბრწყინვალე პროფესორი, არის ძალიან ბევრი, ძალიან კაშკაშა ვარსკვლავი, აღარ ვლაპარაკობ თიკაზე, რომლის მეშვეობითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც ევროკავშირის გადაწყვეტილებებში კენჭისყრის უფლება აქვს, ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში. ჯერჯერობით, არცერთ ქართველს ამ მიზნისთვის არ მიუღწევია, ამას მიაღწია თიკა ბოკუჩავას ხელმძღვანელობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ძალიან ბევრი ახალი სახეა, ყველა ასაკის. ლელა ჯეჯელავა შეიძლება, არ არის პატარა ბავშვი, მაგრამ ენერგიით ახალი სახეა და განსაკუთრებული სახეა. ლევან სანიკიძე ძალიან განსაკუთრებული ახალგაზრდაა. ჩვენ გვჭირდება ახლა მოხალისეები, ძალიან ბევრი საარჩევნო მოხალისე. ხალხში არის დიდი ენერგია. მინდა, ადამიანებს ვთხოვო, ხელფასის გარეშე გადადონ ბოლო რამდენიმე კვირა, მოიარონ კარდაკარ თავიანთი მეზობლები, მოხდეს მობილიზაცია საარჩევნო ხმების, ასევე ვიყოთ მზად არჩევნების შედეგების დაცვისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ციხეში ზის იმისთვის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო გადარჩენილიყო.
„რომ იძახიან, არცერთი მთავრობა ხალხისთვის არ არისო, მაშინ მე რატომ ვზივარ ამ ციხეში? მე რომ ბოდიში მომეხადა 2008 წელს, რომ მესარგებლა ჩვენი მეგობრების შეთავაზებით, თავს უშველე და ოჯახთან ერთად განერიდე საქართველოსო, დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ იქნებოდა რუკაზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვას დაესწროს.
„მზად ვარ და მინდა, დავესწრო შემდეგი მოწმეების დაკითხვას, დავაორგანიზებ ჩემს მოსვლას სასამართლოში და მე შემეძლება, უშუალოდ თვალებში ჩახედვით დავკითხო ყველა მოწმე.
მეც დამცინიან ზუსტად ისე, როგორც დასცინიან ქართველ ხალხს. მე აქ ვარ, რათა ჩემი ხალხი მიყვარს. გავრისკე ჩემი სიცოცხლე, წავედი ყველაფერზე, მომწამლეს, ყველაფერი უბედურება მიქნეს იმისთვის, რომ ჩემი ხალხი მიყვარს. იმ წლებში, ძალაუფლება კი არ მიყვარდა, მიყვარდა ის, რომ ჩემს ხალხს დავხმარებოდი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.