მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ, თავისუფლება და სიცოცხლე გავწირო დიქტატურის შესაჩერებლად
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დიქტატურის შესაჩერებლად მზად არის თავისუფლება და სიცოცხლე გაწიროს, თუ ამის საჭიროება იქნება.
ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისივე განცხადებით, ბოლომდე იბრძოლებს საერთო გამარჯვებისთვის.
ამასთან ერთად, სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, გავიდნენ ხვალ დაგეგმილ „მარშზე იმპიჩიმენტისთვის“.
სააკაშვილის განცხადებით, ისინი არ უნდა წავიდნენ არანაირი კომპრომისზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის მმართველობიდან ოლიგარქების ჩამოშორება, ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩაურევლობა, კორუფციულ სქემებზე უარის თქმა, კორუფციაში ჩართული ადამიანების დასჯა, პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა, გენერალური პროკურორის გადადგომა, ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა და იმპიჩმენტისთვის ბარიერების მოშორება.
„ამასთან ერთად მცირე საბაბიც კი არ უნდა მივცეთ პუტინს, ითამაშოს ჩვენს განხეთქილებაზე. თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე იქნება საჭირო, ვადასტურებ – მზად ვარ, გავწირო ერთიც და მეორეც. ბოლომდე ვიბრძოლებ ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.