მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ, მოვისმინო ყველა პრეტენზია, ვიკამათო, სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით, ეს იქნება ჩემთვის კათარზისიც და განწმენდის პროცესიც
მზად ვარ, მოვისმინო ყველა პრეტენზია, ვიკამათო, სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით, ეს იქნება ჩემთვის კათარზისიც და განწმენდის პროცესიც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ვინც კამყოფილი ხართ ჩემი წინა გამოსვლით, ვინც ჩემს ბოდიშს გულწრფელად, არაგულწრფელად ან არასაკმარისად თვლით. ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებული შეცდომებისა საკმარისია და ვისაც მიაჩნია, რომ ეს საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო და ყველაფერი, მე მინდა, ყველას გითხრათ, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია, მზად ვარ, ვიკამათო თქვენთან, დაგეთანხმოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით, სადაც მართალი შეიძლება, აღმოვჩნდე, დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან. აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას. ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის ასევე კათარზისიც და განწმენდის პროცესი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.