მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს სამთავრობო შენობების ბლოკირებისკენ მოუწოდებს
უკრაინის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, მისი დაპატიმრების შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოაწყონ სამთავრობო შენობებისა და ძალოვანი უწყებების ბლოკირება. როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია „NewsOne”-ის ეთერში განაცხადა, უკრაინელი მაღალჩინოსნები მისი დაკავების მიზნით მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ახდენენ, რაც სააკაშვილის შეფასებით, პირადად პრეზიდენტ პოროშენკოს ბრძანებით ხდება.
„მინდა მივმართო არა მხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ ყველა ადამიანს, ჩემი დაკავების შემთვევაში მოახდინეთ საოლქო ადმინისტრაციების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის შენობის ბლოკირება. მე ამას მოგიწოდებთ, არა ჩემს გამო, არამედ იმ უკანონობისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების გამო, რითაც დაკავებულები არიან უკრაინელი მაღალჩინოსნები და ეს ხდება პრეზიდენტის ბრძანებით“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მომხრეებს, 3 დეკემბერს „იმპიჩმენტის მარშში“ მიიღონ მონაწილეობა.