მიხეილ სააკაშვილი - მივხვდით, რომ ჩვენ და „ევროპული საქართველო“ ერთი ოჯახი ვართ
ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მათი მთავარი მიზანი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის სახალო პარტიის“ ყრილობაზე ვხვდებით, რადგან „ევროპის სახალხო პარტიამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი, მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ახლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ინტერვიუს ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვდა.