მიხეილ სააკაშვილი - ევროპარლამენტარებისგან მივიღე გზავნილი, რომ შევწყვიტო შიმშილობა, მრავალი თვე არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი, რაც ნობელის პრემიის ლაურეატებმაც დაადასტურეს
ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული.
ამასთან, სააკაშვილი წერილში საუბრობს, რომ „მრავალი თვის განმავლობაში იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ არის დადასტურებული“.
„ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა.
მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაში, იმიტომ, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ არის დადასტურებული“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა წაიკითხა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი შიმშილობას იწყებდა.
ადვოკატმა ყოფილი პრეზიდენტის წერილი წაიკითხა, სადაც სააკაშვილი აღნიშნავდა, რომ დღეს უარი ეთქვა ელემენტარულ უფლებაზე, დასწრებოდა სასამართლო პროცესს, რის გამოც იძულებულია, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას.