მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორსა და გაბედულ ნაბიჯს
მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორსა და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ამასთან, სააკაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის მის დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს.
„ამას უსათუოდ დაგიფასებთ საზოგადოება, ის თაობა, რომელიც დღეს იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად. დღეს კიევში გაიჟღერა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებამ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასა და მოლდოვასთან და იმედია, მათ მალე შეუერთდებიან საქართველო და ბელორუსი. ამასაც მივაღწიეთ, რომ ვართ ერთ დონეზე ბელორუსთან. ეს მოგვწონს? ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი? კარგად დაფიქრდით და ნუ გაწირავთ სამშობლოს!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
გოჩა ჯავახიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ტოვებს.