მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები ჯინ შაჰინის და მაიკ ტერნერის ვიზიტს, მადლობელი ვარ, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ჩემი უკანონო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენატორ ჯინ შაჰინის და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მადლობელია იმის გამო, რომ „სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც მისი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“.
„მივესალმები სენატორ ჯინ შაჰინის და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში.
ეს ვიზიტი არის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანაა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლა და გაყალბების შემთხვევაში ამ არჩევნების შედეგების დაკანონების არდაშვება.
ივანიშვილმა იყიდა ქონება რუსეთში, რაც ნიშნავს, რომ ამზადებს დიდ უბედურებას საქართველოში, რომლის შემდეგ გაქცევა მხოლოდ რუსეთში შეეძლება.
ასევე, მიხარია, რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.