მიხეილ სააკაშვილი - შევასრულებ, რაც ვთქვი, მაგრამ მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი, იმ პირსაც დააფარებენ ორ წუთში უპრობლემოდ, თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს უშველის
მთავრობა შეიცვლება არჩევნებით, მაგრამ არჩევნებით, რომელიც იქნება საპარლამენტო და დაინიშნება იმ არჩევნების შემდეგ, რომელზეც ჩვენ, ყველანი უნდა მივიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს გამარჯვებას მოუტანს.
„საქართველოში თავისუფლების განადგურება ხდება ჩვენ თვალწინ. ჩვენთვის ამოცანა არის ის, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ შევაჩეროთ და საბოლოო ჯამში, არავის რეცეპტი არ აქვს, თუ არა ჩვენ. მარტივია, რას ვაღწევთ ჩვენ. უბრალოდ მივდივართ ადგილობრივ არჩევნებზე, რომლის ციფრებიც წინასწარ დაწერილია, რომელიც უკვე მათ მომზადებული აქვთ. „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი კომისიის თავმჯდომარე აპირებს, რომ თავი მოიავადმყოფოს, ისეთ რაღაცებს გვავალებენ, რაც ადრეც არასოდეს არ ყოფილაო. ძალიან ეშინიათ, რომ ვერ მოახერხებენ ხალხის მობილიზებას. თუ ჩვენ მივდივართ იმაზე, რომ პირველ რიგში, ძალიან ბევრი ხალხი მივიდეს ადგილობრივ არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად მოუწოდებს, არავინ არ მივიდეს არჩევნებზე, რადგან მაინც არაფერს არ ცვლისო. ამას იმეორებს დღეში ასჯერ, რადგან მათ არ უნდათ, რომ ხალხი მივიდეს. ხალხი უნდა მივიდეს. რადგან ისინი ამბობენ, რომ არაფერს არ ცვლის, ე.ი. ყველაფერს ცვლის. მათი ენა უნდა გადმოითარგმნოს ზუსტად საწინააღმდეგოდ, რასაც ისინი ამბობენ. ეს მთავრობა შეიცვლება არჩევნებით, მაგრამ არჩევნებით, რომელიც იქნება საპარლამენტო და დაინიშნება იმ არჩევნების შემდეგ, რომელზეც ჩვენ, ყველანი უნდა მივიდეთ.
რთული კონსტრუქციაა, მაგრამ ეს არის ერთადერთი კონსტრუქცია, რომელიც საქართველოს მოუტანს გამარჯვებას. ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, ჩვენ დავიღალეთ საქართველოთი და ისმის ერთი და იგივე ფრაზა – ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს თვითონ არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა უნდა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებითო. საუბარი, რომ ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები, არაფერი არ გვეშველება, ხელი თუ არ გავანძრიეთ, ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს. მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი არ გვეშველება – მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი, ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ორ წუთში უპრობლემოდ. ქართველმა ხალხმა თუ არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ უშველის. ამას ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ. მე ვიბრძოლებ ძალიან აქტიურად. არ ვაპირებ გავითვალისწინო იმის გარდა, რაც არის სწორი საქართველოსთვის. საქართველოსთვის არის სწორი, მორჩეს ლექციების კითხვა. ჩვენ გვჭირდება პირადი მაგალითით, პირადი თავგანწირვით, პირადი ქმედებებით გავიყოლოთ ხალხი და არა ტელევიზიიდან წაკითხული ლექციებით. არავის აღარ აინტერესებს ეს ლექციები და რა თქმა უნდა, მე მთლიანად მხარს ვუჭერ ნიკა მელიას და მის ჯგუფს თბილისში, ისევე როგორც ყველა ჩვენს კანდიდატს საქართველოს მასშტაბით, რადგან უბრალოდ შუა მართლა გაკრეფილია, სხვა პარტიებს, თითქმის არც ერთს პულსი აღარ ესინჯებათ, ეს ასეა. ვიცი, რაც ხდება, ინფორმაცია მაქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.