მიხეილ სააკაშვილი - ახლა გვჭირდება შეტევა, შეტევა მთელი ფრონტით
მიხეილ სააკაშვილი - ახლა გვჭირდება შეტევა, შეტევა მთელი ფრონტით

თქვენ ხედავთ, რაც ხდება ამ დღეებში, ივანიშვილი აკეთებს სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მას ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, სადაც მან უთხრა, რომ „ყველაფერზე იყო წამსვლელი“.

„მაშინ მე ბოლომდე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, თან ახალი გამარჯვებული იყო საპარლამენტო არჩევნებში. მერე მახსოვს, მოვედი პარტიის ოფისში, მოვყევი ეს ამბავი. მაშინ გიგი უგულავამ თქვა, რომ გადაეცი, მაშინ ჩვენც ყველაფერზე წამსვლელი ვართო, თუ ეგ ყველაფერზე წამსვლელიაო. მაშინ როგორც ჩანს, სერიოზულად არ აღვიქვით, რა თქვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „არ არსებობს არანაირი ორი მხარე და სამოქალაქო დაპირისპირება, არსებობს ქართველი ხალხი, რომელსაც უნდა უკეთესი ცხოვრება, არ უნდა, ვიღაცას ქვეყნიდან აგდებდეს, უნდა, რომ არ იყოს კორუფცია, არ იყოს უსაშველო რიგები მაგალითად მანქანების განბაჟებაზე, არ წაართვან უფლება უფასო სამედიცინო მომსახურების, ჰქონდეს ნორმალური პენსია და ნორმალური პერსპექტივები ცხოვრებაში“.

„არ უნდა მივცეთ არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა. ამას შევძლებთ, თუ ვიქნებით ერთიანები, ვიქნებით ბევრნი, თუ არ შეგვეშინდება მათი, თუ თავაწეულად გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, არ წავალათ კომპრომისებზე ყველანაირ წვრილმან ქუჩის ელემენტებთან. ისინი არიან სუსტები და ჩვენ, ქართულის საზოგადოება ვართ ძალიან ძლიერები. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება სიმშვიდე, მაგრამ შეტევა, მშვიდი შეტევა მთელი ფრონტით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო უნდა გამოვიდეს ჭაობიდან და ტალახიდან.

„ჩვენ ვართ ამაყი ერის ამაყი შვილები. ყველაფერი გამოგვივა, თუ ვიქნებით მომავალშიც ასე ერთიანი და თუ გავაათმაგებთ ჩვენს მცდელობებს უახლოეს დღეებში, თვეებში. აბა, თქვენ იცით, საქართველოში აუცილებლად გათენდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.