მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ არ აკრიტიკებს და ენის მოჩლექით ელაპარაკება
უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ არ აკრიტიკებს.
„სიმართლე არის, რომ ამერიკელებიც და მთლიანად დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ. მაგრამ, მე მინდა ვთქვა, რომ მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა და ივანიშვილს და მის დამქაშებს არ ესმით დიპლომატიური ენა და ენის მოჩლექვა – არ ესმით! ამიტომ, რა თქმა უნდა, მე მოველი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, როგორც ადამიანი, ვისაც დიდი ხანია აქვს კონტაქტები ამერიკაში და დიდი მეგობრობა მაკავშირებს ამ ქვეყანასთან…
მე მოველი კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას პოზიციის და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კომბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვნებს მათ შორის, ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში! ივანიშვილს დიპლომატიური ენა არ ესმის, ამიტომ მეც არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და უნდა ვთქვათ, რაც არის. ჩვენ გვჭირდება გაგრძელება ამ კრიტიკის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო ზუსტი ფორმულირებები ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე. აქ უკვე აღარაა სხვადასხვა ფერები, აქ უნდა მოხდეს სრული შუის გაკრეფა და შავის და თეთრის გარჩევა.
მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ასეც ჩამოყალიბდება, ყველაფერი იქითკენ მიდის, ტენდენცია სწორია. ველი კიდევ უფრო მეტ ძალიან მკვეთრ პოზიციებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.