მიხეილ სააკაშვილი - ჩემი მმართველობის დროს მედია ბევრად დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა და პოლიტიკოსები საერთოდ არ ისხდნენ ციხეში
ჩემი მმართველობის დროს მედია ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა და პოლიტიკოსები საერთოდ არ ისხდნენ ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ვერც მისი მმართველობის დროს ჩამოყალიბდა სათანადო სასამართლო სისტემა, თუმცა ქრთამს არავინ იღებდა.
„მე მგონი, რომ მედია ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო ვიდრე ახლა. მედიის წამყვანი ხელმძღვანელები ციხეებში არ ისხდნენ. პოლიტიკოსები საერთოდ არ ისხდნენ ციხეში. სასამართლოს რაც შეეხება, ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, რომ სასამართლო მეფის რუსეთის, ერეკლე მეორის დროს იყო დამოუკიდებელი, საბჭოთა კავშირის, მერე შევარდნაძის დროს აყვავდა და ახლა ხომ აყვავდა და აყვავდა. ვერც ჩვენ ვერ მოვახერხეთ სათანადო სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. ზუსტად ვიცი, რომ ქრთამს არ იღებდნენ, რა თქმა უნდა, პროკურატურა ბევრად მეტს იღებდა თავის თავზე. ჩემი აზრით, უზენაეს სასამართლოში ახლა უნდა შემოვიყვანოთ რამდენიმე უცხოელი მოსამართლე, უნდა ჩამოვაყალიბოთ ტენდენცია, რომლითაც ქვემდგომ მოსამართლეებს, მაგალითად, ჰოლანდიელი მოსამართლე გააუქმებს განაჩენების მესამედზე მეტს, ის ავტომატურად კარგავს მოსამართლის სტატუსს და უნდა შევცვალოთ სისტემა. ჩვენ საქართველოში უცხოელების დახმარების გარეშე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ახალ სასამართლო სისტემას ვერ შევქმნით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.