მიხეილ სააკაშვილი - თუ ხელი წაუცდათ, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს
უკრაინის პეჩერსკის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მისი საქმის მოსამართლე მამაცი აღმოჩნდა და მითითებები არ შეასრულა.
„მათ დავალება ჰქონდათ, ამბობდნენ, შეგიძლია იჯდე სახლში, ისაუბრო ტელეფონზე, ჩვენ მოგისმენთ და სახელმწიფო გადატრიალებაში დაგადანაშაულებთო. მე ხალხს ტელეფონით არ დავეკონტაქტები, ხალხი ამისთვის კი არ გამოვიდა მაიდანზე. მათ სურდათ ჩემი ხალხისგან დამალვა. ძალიან მამაცი მოსამართლე აღმოჩნდა. დღეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი მითითება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის შინაპატიმრობის პირობებშიც შეძლებდა აქციების გამართვას.
„ერღვევათ სისტემა. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მე სახლში ჩამკეტონ და გარეთ არ გამომიშვან. მე სახურავიდანაც შემეძლო მიტინგების ჩატარება, მაგრამ გამომიშვეს. დღეს, რაც მთავარია, მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი აქ იყო, მინისტრები, მთავრობის წევრები და ა.შ. ყველა გვერდზე დაგვიდგა. გუშინ ჩემს მხარდასაჭერად შეიკრიბა ათეულ ათასობით ადამიანი. ეს არის კარგი შანსი, მოვახდინოთ ამ ხალხის კონსოლიდაცია და გავიმარჯვოთ. უკრაინაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ საქართველო დარჩეს გამარჯვებული“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოში მისი შესაძლო ექსტრადირების შესახებ კითხვაზე საპასუხოდ სააკაშვილმა განაცხადა:
„თუ საქართველო ექსტრადირებაზე ისევ მიმართავს უკრაინას, ეს შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ პირიქით გადაიგზავნონ რუსეთში ან მონღოლეთში. თუ ხელი წაუცდათ რამეზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე აქ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პეჩერსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბრალდების მხარეს ხუთი დღე აქვს სასამართლოს დადგენილების გასაჩივრებისთვის. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს გაიმართება.