მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძეს, ავთო წერეთელსა და ბადრი ჯაფარიძეს სოლიდარობას უცხადებს
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთო წერეთელს სოლიდარობას უცხადებს.
აღნიშნულის შესახებ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია.
„ჩემი სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს, ავთო წერეთელს, ბადრი ჯაფარიძეს. ძალიან ღირსეულად გეჭირათ თავი სასამართლო ფარსზე. მადლობა თქვენ გამბედაობისა და პრინციპულობისთვის. ჩვენ ერთად აუცილებლად შევცვლით სისტემას“, – აცხადებს სააკაშვილი.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.