მიხეილ სააკაშვილი - კიევში ვბრუნდები, მაგრამ ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად
კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში ხვალ ჩავა.
„ვლადიმირ ზელენსკიმ დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. მე ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი. კიევში, სადაც ვსწავლობდი, ვმსახურობდი არმიაში. კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია, ციხეშიც კი ვმჯდარვარ. კიევში ვბრუნდები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრები არის საქართველოზე, უკრაინასთან ერთად. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემს წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორიც არის საქართველოში. ქართველი ერის ისტორიაში ივანიშვილი დარჩება მხოლოდ იმით, რომ მე არ მიშვებს ჩემს ქვეყანაში დროებით, მაგრამ ესეც ძალიან მალე დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას, გამოსტაცებს ხელიდან და ზუსტად ისე დამარცხდება, როგორც დამარცხდნენ მისი კოლეგები უკრაინაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.