მიხეილ სააკაშვილი კიევის პროკურატურაში გამოკითხვაზე უარს აცხადებს
მიხეილ სააკაშვილი კიევის პროკურატურაში გამოკითხვაზე უარს აცხადებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევის პროკურატურაში საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში გამოკითხვაზე არ მივა, რადგან მას უკანონოდ მიიჩნევს.

ინტერფაქს-უკრაინის“ ცნობით, ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

„საექსტრადიციო შემოწმება უკანონოდ მიგვაჩნია და ამის წინააღმდეგი ვართ. უკრაინამ უკვე ორჯერ უთხრა საქართველოს უარი ექსტრადირებაზე იმავე საფუძვლებზე და მოთხოვნებზე. ჩვენ გვაქვს უფლება, არ გამოვცხადდეთ, რადგან გაგზავნილი გვაქვს ჩვენი ოფიციალური განმარტებები და პოზიციები“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, 9 თებერვალს კიევის პროკურატურას გაუგზავნა  შესაბამისი წერილი, სადაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართებაში საექსტრადიციო შემოწმებას უკანონოდ მიიჩნევს.

ჩერნოლუცკის  თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობაში არ არის წარმოდგენილი სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის გარანტიები, რაც საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით, მიუღებელს ხდის ამგვარ შუამდგომლობას.

ამასთან, დაცვის მხარე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა 2017 წლის 17 ივლისიდან 10 სექტემბრამდე და ქართულ მხარეს 1-ელი სექტემბერს შუამდგომლობის დაყენებისას არ წარუდგენია მისი უკრაინაში ყოფნის მტკიცებულებები.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 2014 და 2015 წლებში უკვე ჩაატარა საექსტრადიციო შემოწმება და 2015 წლის 31 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, უარი უთხრას საქართველოს მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე.

კიევის პროკურატურის პრესმდივანმა ნადეჟდა მაქსიმეცმა ტელეკომპანია 112-ის ეთერში ასევე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გამომძიებლების მიწვევა უგულებელვყო.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში განმარტებების მისაცემად იბარებს.

როგორც ნადეჟდა მაქსიმეცმა აღნიშნა, დეკემბრის ბოლოდან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თხოვნით, რამდენიმე ასეთი შეხვედრა გადაიდო.

მაქსიმეცის თქმით, პროკურატურა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტს გამოკითხვაზე სავარაუდოდ კიდევ ერთხელ დაიბარებს.

„საექსტრადიციო შემოწმება გრძელდება“, – აღნიშნა კიევის პროკურატურის პრესმდივანმა.