მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში იმყოფება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა განუცხადა.
აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმაც დაუდასტურა.
„დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკვე კრეშატიკის 42 ნომერში, პეჩერსკის სასამართლოშია“, – განაცხადა ადვოკატმა.
მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ უკრაინის სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.
უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივნის, ლარისა სარგანის ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ის დაკავებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპუტატების თავდებობით გაათავისუფლონ.
სასამართლო პროცესის პარალელურად, სააკაშვილის მხარდამჭერები აქციის გამართვას გეგმავენ. „ახალი ძალების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საყვარელიძემ გუშინ გამართულ აქციაზე მხარდამჭერებს მოუწოდა, სასამართლო პროცესზე მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილს მხარი დაუჭირონ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 8 დეკემბერს დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში მოხდა.
სააკაშვილი ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომლითაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).