მიხეილ სააკაშვილი - კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ
ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ახლა მთავარია, ძალიან სწრაფად იმოძრაონ გამარჯვებისკენ.
„მივესალმები ორი პოლიტიკური სუბიექტის, „ლელოს“ და გახარიას გაერთიანებას, რადგან ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ბევრი ახალი სახით, ახალი იდეებით, ენერგიით არის. ჩვენ ყოველთვის მოქნილი ვიყავით ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა მთავარია, ძალიან სწრაფად ვიმოძრაოთ გამარჯვებისკენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე კატასტროფულად დამაზიანებელია“, – განაცხადა სააკაშვილმა.